რეზონანსი
14.11.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უვიზო მიმოსვლის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული თემები ბოლო პერიოდში პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება.

„ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნები დასრულდა. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაცია და ყველაფერი, რაც ევროკავშირთან არის დაკავშირებული, გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად. ასე იყო კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, ესე ვნახეთ შემდგომ გაგრძელება და ახლა მივედით უვიზო მიმოსვლამდე.“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.

მისი შეფასებით, მსგავსი პროცესების მიზანი წარსულშიც საზოგადოების განწყობებზე ზეწოლა იყო.

„ეს ყველაფერი გამიზნული იყო იმისთვის, რომ გარკვეულწილად გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე და საზოგადოებრივ განწყობებზე ხელისუფლების მიმართ. ერთი არჩევნები დასრულდა და მეორე არჩევნებიც, უახლოეს მომავალში კი საქართველოში ახალი არჩევნები არ იგეგმება. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ იარაღის გამოყენება, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი განწყობების შესაცვლელად ან ახალი რევოლუციის მოსაწყობად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესების უკან ქვეყნის შიგნით მღელვარების გამოწვევის მცდელობა დგას.

„ნუ დავმალავთ, რომ ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ გარკვეული მღელვარება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში. არავის დაუმალავს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება მაშინ სწორედ იმისთვის იყო, რომ მღელვარება გამოეწვია ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ.“ – განმარტა მინისტრმა.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან შესაძლოა რთული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

„ახლა ეს საკითხი დარჩა „უვიზო მიმოსვლა“, თუ ბრიუსელი ამ მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის, იმისთვის, რომ მან გააკეთა ის არჩევანი, რაც გააკეთა – ეს ბრიუსელის კისერზე იქნება, რამდენად შეძლებს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებას, იმედი მაქვს, ეს მიმართულება ბრიუსელში ვერ გაიმარჯვებს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×