
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში მოითხოვა, რომ უკრაინელები, განსაკუთრებით სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის მამაკაცები, არ წავიდნენ გერმანიაში და საკუთარ ქვეყანაში იმსახურონ. ინფორმაციას გერმანული Welt-ი ავრცელებს.
მერცის თქმით, გერმანია დაიღალა ათიათასობით ახალი ლტოლვილის მიღებით, ხოლო უკრაინას ფრონტზე პირადი შემადგენლობის დიდი დეფიციტი აქვს.
„მე ვთხოვე უკრაინის პრეზიდენტს, უზრუნველყოს, რომ უკრაინელი ახალგაზრდები, კერძოდ, დიდი რაოდენობით არ ჩამოვიდნენ გერმანიაში და სამშობლოში იმსახურონ. ისინი იქ საჭირონი არიან", - განაცხადა კანცლერმა ბერლინში გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
გარდა ამისა, მერცმა მოუწოდა კიევს, „ენერგიულად გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ" ენერგეტიკის სექტორში გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რამაც რამდენიმე მინისტრის გადადგომა გამოიწვია და უკრაინასა და მის ევროპელ სპონსორებს შორის ნდობის საკითხები წამოჭრა.