
კონკრეტული შედეგი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს ბოლო სახელმწიფო ვიზიტს მოჰყვა - ორი ქვეყანა სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობას აღრმავებს. ვიზიტის და ოფიციალური შეხვედრების დროს ხელი მოეწერა, "საჰაერო აბრეშუმის გზის" განვითარების შესახებ მემორანდუმს, რომლის თანახმად ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარება, სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებით, ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით, სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით უზრუნველყოს.
საავიაციო თანამშრომლობის შესახებ, ჩინეთში კიდევ ერთი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის საავიაციო სფეროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას მოეწერა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდის დადებითი დინამიკა განიხილეს და სატვირთო ავიამიმოსვლის სამომავლო ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის, ამჟამად რეგულარულ სამგზავრო რეისებს, ჩინეთის ორი ავიაკომპანია - China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ახორციელებს. ფრენები კვირაში ხუთჯერ ხორციელდება.
2024 წელს, ორ ქვეყანას შორის, მიმოსვლისთვის, საჰაერო მიმართულება 57,184 -მა მგზავრმა გამოიყენა. ეს 45 პროცენტიანი ზრდაა, 2023 წელთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველი ათი თვის მონაცემებით კი, საქართველოსა და ჩინეთს შორის 88,627-მა ადამიანმა იმგზავრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 81%-ით მეტია.