
ანაკლიის პროექტს ჯერ კიდევ არ ჰყავს ინვესტორი. ერთ-ერთ გადაცემაში, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური ვარაუდობს, რომ ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან კონტრაქტის გაფორმების გაჭიანურების მიზეზი გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებები და რეგიონში არსებული რისკებია. პარტნიორები, სავარაუდოდ, დამატებით ანალიზს ატარებენ. ყოფილი ელჩის ამ ვარაუდს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ეკონომიკის ექსპერტები. მათი ინფორმაციით, ჩინურ სახელმწიფო კორპორაციასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ასევე ზუსტდება ის ქვეპუნქტებიც, რაც ამ ხელშეკრულებას ახლავს. გაჭიანურების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში და ყველაზე მთავარი - აშშ-ჩინეთის ინტერესთა თანხვედრა სამხრეთის დერეფანში.
საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი და კომპლექსური პროექტია და არ ეხება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„ამ ეტაპზე, ახალი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული რისკების დამატებითი ანალიზი მიდის. როდესაც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთება ეს ყველაფერი, ამ პროექტის განხორციელების კონტურები უფრო გამოჩნდება. გარდა ამისა, როგორც ვიცით, არის გარკვეული განრიგი და გეგმა პროექტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შესაბამისი ეტაპების გავლას, სადაც მხარეები მონაწილეობენ... როდესაც რისკები იზრდება, ჩინეთი კიდევ უფრო ფრთხილი ხდება და შეიძლება, ამით არის განპირობებული“, - განაცხადა აფციაურმა.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე კატეგორიულად არ ეთანხმება ყოფილი ელჩის ფრთხილ ვარაუდს. ანაკლიის პორტის პროექტი მრავალმილიარდიანია და ამ მასშტაბის პროექტის აშენებას, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება - რკინიგზის, მისასვლელი გზების და ახლა სწორედ ეს ეტაპია.
„ჩვენ ოფიციალური ინფორმაციიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და არა ვარაუდებით. ორიოდე თვის წინ, როდესაც აჟიოტაჟი ატყდა და ერთგვარი სპეკულირება დაიწყო, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდა, ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ სახელმწიფო, როგორც თანაინვესტორი, ასრულებს თავის ვალდებულებას, ანუ გრძელდება გეგმიური სამუშაოებიო.
გარდა ამისა, ამხელა დელეგეცია იყო ჩინეთში, სულ ახლახანს - პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, სადაც შეხვდნენ ჩინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელს, აქედან გამომდინარე, ანაკლიის პროექტი რომ გადავადებულიყო, ან შეფერხებულიყო, ისედაც გვეცოდინებოდა. მსგავსი არაფერი გაგვიგია. ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს პორტის სამუშაოები და 2029 წელს, პირველი გემი უნდა მიიღოს პორტმა - სხვათა შორის, არც 2029 წელია ძალიან შორს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.
იგი რეგიონში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს - რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენასაც გამორიცხავს და ამბობს, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან. ეს რომ ასე ყოფილიყო, ინფორმაცია აუცილებლად გამოჟონავდა ჩინეთის, ან საქართველოს მხრიდან.
გიორგი ცუცქირიძის მოსაზრებას იზიარებს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი რამაზ გერლიანი, თუმცა ჩინურ სახელმწიფო კორპორაციასთან ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურების მიზეზად საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს ასახელებს.
„ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს არის - ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ვერსიად შეიძლება განვიხილოთ საერთაშორისო ინტერესთა კონფლიქტიც რეგიონში. ორი დიდი რეგიონალური გეოპოლიტიკის - აშშ-სა და ჩინეთის ტვირთბრუნვისა და საერთაშორისო ვაჭრობის გადანაწილების გზაგასაყარზეა ჩვენი ქვეყანა. შესაძლოა, ეს იყოს ორი დიდი კონკურენტის შეუთანხმებლობა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, ანაკლიის პორტი ძალიან დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს კონტინენტური გადაზიდვების მიმართულებით მას, ვის კონტროლქვეშაც ეს პორტი იქნება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს არ არის მხოლოდ სავაჭრო, სამოქალაქო პორტი, მას აქვს სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობა. შესაბამისად, ვინ იქნება მისი მმართველი, ეს საკითხი ასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გერლიანმა.
ზუსტად ამ კონტექსტში განიხილავს ხელშეკრულების გაჯანჯლების მიზეზს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი. მისი აზრით, ბოლო პერიოდში, ძალიან დიდი აქტიურობა იყო რეგიონში, რასაც ჰქვია სამხრეთის დერეფანი და აბრეშუმის გზის სამხრეთი ნაწილი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი აქტიური საკითხი ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკებებში.
ეკონომისტი ვაშინგტონში, ტრამპისა და შუა აზიის სახელმწიფოფების ლიდერების შეხვედრასაც დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ ამ შეხვედრის შედეგად, დიდი მოცულობის ხელშეკრულებები გაფორმდა და აშშ გააქტიურად შუა აზიის მიმართულებით.
„ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ უპირატეს აქცენტს გააკეთებს სახმელეთო გადაზიდვებზე. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობენ ზღვათა სახელმწიფოები და ხმელეთის სახელმწიფოები. ანგლო-საქსური სახელმწიფოები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია და საფრანგეთი ზღვათა იმპერიები არიან. ბრიტანეთი და აშშ აკონტროლებენ ძირითად საზღვაო გზებს. ჩინეთი რჩება სახმელეთო სახელმწიფოდ და სწორედ მან გამოაცხადა, რომ სახმელეთო გზებს მიაქცევს უფრო დიდ ყურადღებას. ეს იმიტომ, რომ ზღვის გზებზე შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება, რაც ნიშნავს, რომ სერიოზულად გააქტიურდა ჩვენი დერეფნის მიმართულება. ტრამპს ხელში უჭირავს „ჯოკერი“, რადგან აშშ ყველაზე მსყიდველუნარიანი სახელმწიფოა, რადგან ყველაზე მეტს მოიხმარს მსოფლიოში. თუ ვინმე რამეს აწარმოებს, ყველას უდიდესი ინტერესია, რომ თავისი წარმოებული პროდუქცია გაყიდოს აშშ-ში. ახლა უკვე ტრამპზეა დამოკიდებული, რა ტარიფით შეუშვებს სხვა ქვეყნის საქონელს თავის ბაზარზე. ეს ისეთი „ჯოკერია“, რომელსაც მომნუსხველი ძალა აქვს და მის წინაშე უძლურია ყველა და ყველაფერი, მათ შორის, ისეთი სამრეწველო გიგანტიც კი, როგორიც ჩინეთია.
აი, მოვედით ანაკლიის პორტამდეც - ვიდრე ჩინეთსა და აშშ-ს შორის არ შედგება საბოლოო მოლაპარაკება შუა დერეფანზე, მანამდე ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება“, - განუცხადა „რეზონანსს“ სიმონიშვილმა.