რეზონანსი
13.11.2025

 გიორგი გახარიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გერმანიაში ემიგრირებულ ექსპრემიერს პროკურატურა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რამაც ადამიანების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესი დააზიანა. საუბარია ჩორჩანასა და ე.წ. 20 ივნისის ეპიზოდებზე. გახარიას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასამართლოში ბრალდების მხარემ არასაკმარისი მტკიცებულებები წარადგინა,

ექსპრემიერი ბრალს არ აღიარებს და მზადაა ქართულ სასამართლოს ჩვენებები გერმანიიდან მისცეს. მან დღის ბოლოს წერილობითი განცხადება გაავრცელა და მიუხედავად მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნისა, ამბობს, რომ პარლამენტში და საკრებულოში მისი პარტიის ყოფნა აუცილებელია.

გიორგი გახარია რამდენიმე თვის წინ საგამოძიებო კომისიაზე ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტყეში, მისი გადაწყვეტილებით, საგუშაგოს ჩადგმამ ცენტრალურ ხელისუფლებას ტერიტორიაზე კონტროლი შეუნარჩუნა. ადგილობრივების მტკიცებით კი 2019 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენების შემდეგ 100 ჰექტარი მასივი მათთვის დაიხურა. მმართველ გუნდში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებას გამიზნულ პროვოკაციას უწოდებენ, რასაც რუსეთთან შემდგომი სამხედრო ესკალაცია უნდა გამოეწვია.

ექსპრემიერის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დაწყებულ დევნაზე საუბრობენ მისი თანაგუნდელები. გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ ჩორჩანაში და 20 ივნისს, მათი ლიდერის მოქმედება, საქართველოს უახლესი ისტორიის სამაგალითო ეპიზოდებია.

გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წინაპირობას ვერ ხედავენ, იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლები 20 ივნისის შემდეგ მის გასამართლებას ითხოვდნენ.

გახარიას ტაქტიკა და გადაწყვეტილებები სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტირებას რომ ემსახურებოდა, ამაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლებმა დღეს 20 ივნისთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საპოლიციო ძალის შესაძლო გადამეტების შესწავლა დაევალა. საგამოძიებო ექსპერიმენტები კი მიმდინარე წლის აგვისტოში ათობით დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა.

გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 333-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×