
ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი სექსუალურ სკანდალში მხილებულ მილიარდერთან, ჯეფრი ეპშტეინთან კომუნიკაციას ადასტურებს. ამის შესახებ იაგლანდმა ნორვეგიულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა.
იაგლანდის თქმით, მან ბევრი ადამიანი გაიცნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
„ეს არის დიპლომატიური საქმიანობის ნაწილი. ეპშტეინთან მიმოწერის დროს განსაკუთრებით დაინტერესებული ვიყავი დონალდ ტრამპს - და აშშ-ს - და ევროპას შორის ურთიერთობებში მიმდინარე მოვლენების გაგებით", - აღნიშნა ევროპის საბჭოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე ისაუბრა ეპშტეინთან რუსეთის თემაზე კონტაქტის შესახებ.
„ბევრს სურდა რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვის პროცესის დაწყება და, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წვდომის ჩამორთმევა. მე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ამ სიტუაციის სერიოზულობასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამომეთქვა", - განაცხადა იაგლანდმა.
ცნობისთვის, „პოლიტიკომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეფრი ეპშტეინს სურდა, ლავროვისთვის ტრამპის შესახებ ინფორმაცია გაეზიარებინა და დახმარებას ევროსაბჭოს თავმჯდომარეს, ტორბიორნ იაგლანდს სთხოვდა.