
ვინაიდან ოპოზიციამ არჩევნები წააგო, თავიანთ პარტნიორებთან ერთად მკაფიო და გამოკვეთილი მიზანი აქვთ, საქართველოს დაზიანებას ყველა გზით უნდა შეეცადონ, ფიქრობენ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ყველაზე ეფექტური გზაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას პირდაპირ არ იტყვიან, მაგრამ არჩევნების შედეგები რომ ეღიარებინათ, არც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე იქნებოდა ლაპარაკი, არც მოლაპარაკებების არგახსნაზე და არც არანაირი სხვა სახის გართულებები.
„მათი მფარველების მიზანი საქართველოში ხალხის არჩევანის პატივისცემა არ იყო, არამედ ამოცანა იყო საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. ვინაიდან, ეს არ გამოუვიდათ, ახლა ვიზალიბერალიზაციაზე ეს პროცესი მიმდინარეობს. ვინც ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე სპეკულირებს, შევახსენებ, რომ მათ ასე სპეკულაციურად მოიტანეს ქართველი ხალხისა და ხელსუფლების დამსახურება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ის არ თქვეს, რომ ქვეყანამ პირობები შეასრულაო, არამედ თქვეს, ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათ ვაძლევთო. ქართველ ხალხს ხომ ეკუთვნოდა? ახლა ქართველ ხალხს წაართვან. მარცხის შემდეგ შურისძიების რეჟიმში არიან, ეს ფაქტია, მაგრამ ხელისუფლება ამას შეჩვეულია. ჩვენთვის მთავარია, ქართველი ხალხი იმ მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდეს, რაშიც უკრაინა და მოლდოვა არიან დემოკრატიის შეზღუდვით და არჩევნებზე მუდმივი მანიპულაციით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.