
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), რომელიც 1995 წლიდან მუშაობს, საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე, საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.
"არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი საქართველოში განხორციელებული რეპრესიების შედეგად, ბევრმა ორგანიზაციამ შეწყვიტა საქმიანობა, ან შეწყვეტის პირასაა მისული.
სამწუხაროდ, მათ რიგებს ჩემი ორგანიზაციაც უერთდება - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), რომელიც 1995 წლიდან მუშაობს და ბევრი სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული.
მეც იძულებულები ვხდები ჩემს საყვარელ საქმეს თავი ვანებო და სხვა სამსახური ვეძებო.
28 წელია ვმუშაობ. ამ პერიოდში, ჩემს ქვეყანასთან ერთად, ბევრი კრიზისი და დაბრკოლება გადავლახე, მაგრამ პირველად ხდება, რომ მთელი სექტორი, რომელშიც ვსაქმიანობ, თვალსა და ხელს შუა ქრება. წყალში იყრება უამრავი საქმე, მიღწევა, ადამიანური და მატერიალური რესურსი, რომელთა შექმნასა და განვითარებასაც სამი ათწლეული დასჭირდა.
პიროვნულს რომ თავი ვანებოთ, მთელი ქვეყანა უდიდეს ზიანს განიცდის. სუსტდება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და კიდევ უფრო იზრდება ხელისუფლების ძალაუფლება, განუკითხაობა და უსამართლობა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტებით იშლება ის საყრდენები, რომლებზეც სუსტი ქართული დემოკრატია იდგა და რომელსაც უნდა მოეტანა ადამიანზე, მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენება. იქმნება მდგომარეობა, საიდან გამოსვლაც ძალიან ძნელი იქნება და არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი..." - წერს ვახტანგ კობალაძე.