რეზონანსი
13.11.2025

„ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ აღარ ყიდულობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შემდეგ, „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელმა ირაკლი რუხაძემაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენა აღარ განიხილება.

ბიზნესმენი ორი ბანკის გაერთიანებას არ გამორიცხავს.

„მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებზე, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. თუ რამეზე ვლაპარაკობთ, უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით”, - განუცხადა "ბიზნეს მედიას" ირაკლი რუხაძემ.

მხარეებს შორის ერთ-ერთი შეუთანხმებელი საკითხი გარიგების ღირებულება იყო, რაც რამდენიმე კვირის წინ თავად ირაკლი რუხაძემაც ირიბად დაადასტურა. სავარაუდოდ, გარიგების მონაწილეებს შორის შეთანხმება ამიტომ ვერ შედგა.

„ეს უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. მიზეზი კი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკს“ დაუწესა რაღაც შეზღუდვები და წინაპირობები, რის გამოც გარიგება გაიწელა... მაგალითად, დოკუმენტაცია, განსაკუთრებით ჩინეთიდან, არ იყო მარტივი შესაგროვებელი. ამას მოჰყვა სხვადასხვა გართულება. ერთ-ერთი ისიცაა, რომ „ლიბერთი“ გაიზარდა ამ დროის განმავლობაში და ის გარიგება, რომელიც წლის დასაწყისში გავაკეთეთ, დღეს სხვანაირად გამოიყურება, თუმცა გარიგებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“, - აცხადებდა ირაკლი რუხაძე.

"ბაზისბანკის მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×