მარიამ ვეკუა
13.11.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს „ზოგიერთი მოკავშირის" კრიტიკას კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის დარტყმების კანონიერებაზე და აცხადებს, რომ ევროპელებს არ აქვთ უფლება განსაზღვრონ, თუ როგორ დაიცავს ვაშინგტონი თავის ეროვნულ უსაფრთხოებას.

რუბიო დაესწრო დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას კანადის ნიაგარას რეგიონში, სადაც მოლაპარაკებები უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებს შეეხო, თუმცა ზოგიერთმა დამსწრე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ კარიბის ზღვის აუზში ხომალდებზე განხორციელებულ დარტყმებზე, რომლებსაც, ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, ნარკოტიკები გადაჰქონდათ,.

შეხვედრის დაწყებისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ დარტყმები „საერთაშორისო სამართლის დარღვევას" წარმოადგენს.

საპასუხოდ, კანადიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ თქვა, რომ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მასთან არავის განუხილავს ოპერაციების საკითხი. აღნიშნა, რომ ნარკოტიკები ვენესუელას გავლით ევროპაშიც იგზავნება, ამიტომ შეერთებულ შტატებს მათი გაუვნებელყოფისთვის მადლობა უნდა გადაუხადონ.

„ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ასევე, ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას ამერიკამ თავისი ეროვნული უსაფრთხოება. აშშ-ს ჩვენს ნახევარსფეროში თავს ორგანიზებული კრიმინალური ნარკოტერორისტები ესხმიან და პრეზიდენტი ამას ჩვენი ქვეყნის დაცვის მიზნით პასუხობს. ვფიქრობ, საინტერესოა, რომ ამ ქვეყნებს სურთ, ჩვენ მათ ბირთვული შესაძლებლობების მქონე ტომაჰავკის ტიპის რაკეტები გავუგზავნოთ, რათა ევროპა დაიცვან, მაგრამ როდესაც აშშ თავის ნახევარსფეროში ავიამზიდებს განათავსებს, მაშინ ეს რატომღაც პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა მარკო რუბიომ.

„ჩვენ არავის ვთხოვთ დახმარებას იმაში, რასაც ვაკეთებთ," - დასძინა რუბიომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვის აუზსა და ლათინური ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროებთან, როგორც ირწმუნებიან, ნარკოტიკების გადამზიდ გემებზე სულ მცირე 19 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ 76 ადამიანი დაიღუპა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა შეხვედრის ფარგლებში „როიტერზს" განუცხადა, რომ ასეთი დარტყმები შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე.

დაპირისპირება გრძელდება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ბრიუსელს არ აქვს იმის შნო, რომ საკუთრი ტერიტორიები ამერიკელების გარეშე დაიცვან, თუმცა თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ ამერიკას უკარნახონ თუ როგორ განახორციელოს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დაპირისპირება არსებობს ვაშინგტონსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის ევროპის კონტინენტზე, რუბიოს ამ განცხადებას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის უახლოესმა მოკავშირემ, დიდმა ბრიტანეთმა, ერთი თვის წინ შეუწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ვაშნგტონს თუ რა ხდება კარიბის ზღვის აუზში, იქიდან გამომდინარე, რომ ლონდონში მიაჩნიათ, რომ ამ ნარკოდილერების კატარღები კი არ უნდა განადგურდეს, არამედ უნდა დააკავონ და ჩამოართვან ნარკოტიკული საშუალებებები, რაც ნამდვილად არ შედის ტრამპის გეგმებში და მან არაერთხელ თქვა, რომ გაანადგურებს ნარკოტერორისტებს, რომლებიც ანადგურებენ ამერიკის მოქალქეებს.

„ასე რომ, არავინ ეკითხება არც ევროპაში, არც ნებმისიერ კონტინენტზე იმას, თუ როგორი უსაფრთხოების პოლიტიკა ექნება შეერთებულ შტატებს მის საზღვრებთან და მის მოქალქეებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე არის კიდევ ერთი შეკითხვა, ძალუძს კი ევროკავშირს, რომ იყოს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ძალა და სხვებს, მითუმეტეს გეოპოლიტიკურ ლოკომოტივს, კარნახობდეს როგორ მოიქცეს?! ასე რომ, ეს არის ერთგვარი უსუსური გაფართხალება ბრიუსელის მხრიდან, იმ ევროჩინოსნების მხრიდან, რომლებსაც არ აქვთ იმის შნო, თავად დაიცვან კონტინენტი ამერიკული სამხედრო ქოლგის გარეშე, მაგრამ აქვთ იმის ამბიცია, რომ თეთრ სახლს უკარნახონ, როგორ განახორციელონ უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართულ კონტექსტშიც, რომ ბრიუსელის ჩინოსნობა არაადეკავტურ მდგომარეობაში იმყოფება," - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×