თამთა ჩაჩანიძე
13.11.2025

„ოცნება" ამტკიცებს, რომ რეალურად დღეს ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი არ არსებობს და მხოლოდ გარე ძალებისგან დაფინანსებული ჯგუფი დადის რუსთაველზე ყოველდღიურად. თუმცა როგორც ოპოზიცია საპირისპიროდ ამბობს, ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა და ახალი გამოსვლებისთვის ემზადება.

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ხალხში საპროტესტო განწყობა არის, თუმცა დღეს მზად არაა იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვიდეს რამდენიმე ფაქტორის გამო და პირველ რიგში ეს ეხება ოპოზიციის დაქსაქსულობას და გეგმის არქონას. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხალხი ქუჩაში რეალურად გამოჰყავს გაუარესებულ სოცილურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და დღეს საქართველოში „ამის მსგავსი არაფერი არაა".

ანალიტიკოსი და ყოფილი დისიდენტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხალხი ჯერ იმ დონეზე არაა მზად, როგორც წინა რეჟმის დროს, სააკაშვილის წინააღმდეგ უმრავლესობა გამოდიოდა.

„ხალხში რა თქმა უნდა საპროტესტო განწყობები არის, მაგრამ დღეს მზად არაა იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვიდეს ისეთ მასშტაბით, როგორც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა. ოპოზიციის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ საზოგადოებაში პროტესტი არა მარტო გააღრმავოს, არამედ გზები ეძებოს იმისთვის, რომ ეს პროტესტი აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს და არა ნახერადმიძინებულში.

„ველოდები იმას, რომ თუ ოპოზიცია სწორად იმუშავებს, გაზაფხულზე შესაძლოა უფრო ცოცხალი და ქმედითუნარიანი იყოს, თორემ პროტესტი დღესაც არის და გუშინაც იყო. ყველაზე კარგია ოპოზიციამ გააკეთოს ისეთი რამ, რომ ეს პროტესტი და მხარდაჭერა აქტიური გახდეს. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა რაღაც ისეთი მოხდეს, რომ პროტესტი უცებ ქუჩაში გადმოიღვაროს, მაგრამ ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. როცა დეტონატორის როლს გარე ფაქტორი თამაშობს, პროტესტი შეიძლება უმართავი გახდეს და ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ამიტომ სჯობს ოპოზიციამ რაღაც ნაბიჯები გადადგას.

„უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციამ თავისი წარსული უნდა შეაფასოს, დღეს არსებული ვთაარებიდან გამოსავალი და პირველი ნაბიჯი ესაა. როდესაც ნაცმოძრაობა ლაპარაკობს, რომ თურმე ის ყოფილა დემოკრატიის შუქურა, ეს ოპოზიციური ამომრჩევლის გააქტიურებას კი არ უწყობს ხელს, პირიქით, "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ხელს უწყობს იმას, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი იყოს არა ერთიანი, არამედ დეტერმინირებული - ცაკლე „ნაცები", ცალკე გახარია, ცალკე „ლელო", ცალკე „ახლები" და ა.შ. ეს არ ვარგა.

„ოპოზიციამ ჯერ თავისი წარსული უნდა შეაფასოს და შემდეგ პოზიტიურ პროგრამაზე იმუშაოს, რაც დღეს არ აქვს და ამომრჩევლისთვის მისაღები იქნება. მარტო იმის ლაპარაკი, რომ „ოცნება" რუსულია და რომ ევროპას მოვწყდით, საკმარისი არაა. ამიტომ მოსახლეობისთვის მისაღები თემები უნდა მოძებნოს და ილაპარაკოს. თუ ამას ოპიზიცია ვერ ხედავს და არ იცის რა გააკეთოს, მაშინ ასეთ მდგომარეობასი ვიქნებით და დეტონატორის როლს ითამაშებს ან ჩვენი პარტნიორები, ან ხვალ-ზეგ უკრაინაში ომი რომ დასრულდეს, ან რაღაც სტიქიური მოვლენა, ეს არ ვარგა. ამიტომ ოპოზიციამ, პირველ რიგში ყოფილმა ხელისუფლებამ და მისმა განშტოებებმა უნდა შეაფასონ თავიანთი პოლიტიკური წარსული", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოებაში საპროტესტო განწყობები არ არის, ყოველდღიური აქციები კი მხოლოდ იმიტომაა, რომ ფინანსდებიან და უკანდასახევი გზა აღარ აქვთ.

„დღეს ხალხში საპროტესტო განწყობები არ არის, ასეთი რამეები ცნობილი ფაქტორებითაა-ხოლმე განპირობებული და არცერთი ფაქტორი სახეზე არაა. შესაბამისად, მიუხედავად ანტიევროვნული ძალების მჭიდრო კავშირისა დასავლელ პარტნიორებთან, მიუხედავად დაფინანსებისა და მიუხედავად იმისა, რომ ხელში მძლავრი ტელევიზიები აქვთ, მათ ხალხის მობილიზება ვერანაირად ვერ შეძლეს და პიკშიც კი, მილიონნახევროან ქალაქში 2 ათასს თუ შეკრებდნნენ ხოლმე, რაც სტატისტიკური ნულია.

„ეს იმიტომ, რომ ობიექტურად არაა პროტესტის პირობები. ესენი პროტესტებს ვირტუალურ სივრცეში ქმნიან, ესაა ტელევიზიები, სოცქსელები, თუ მასმედიის სხვა საშუალებები და ეს პერფორმანსები რუსთაველის გადაკეტვა რამდენიმე ათეული ადამიანის მეშვეობით, რაც სრული ნულია. რასაც ჰქვია მასობრივი პროტესტი და რაც საქართველოში ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბილოდან გვინახავს, ამის მსგავსი არაფერი არაა. ეს უკავშირდება იმას, რომ სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ისევე, როგორც ძირითადი თავისუფლებები ყველაფერი ასახულია საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში. ეს სინამდვილეა და ამის გამო არაა ხალხხში საპროტესტო მუხტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ძალები ამ თავის მოქედებას მალე შეწყვეტენ.

„ლიდერი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც საზოგადოების საკმარისად დიდ და აქტიურ ნაწილში მასზე მოთხოვნაა, თორემ პოტენციური ლიდერები ყველგან ყოველთვის არიან. საქართველოშიც არიან და ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი ქარიზმატული, პოპულისტი დემაგოგი ლიდერი არ გამოჩნდა? როგორც ივანიშვილმა 2012 წლის გამარჯვების შემდეგ ქართველ ხალხს დაჰპირდა, ჩემი მისიაა, რომ საქართველოში აღარ იყოს მესიაო, შეასრულა - 13 წელია მესიების გარეშე ვცხოვრობთ. რამდენიმე ასეული დარბის ქუჩაში და მესიას ვერ პოულობს, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა არაა - მივადექით იმ საკითხს, რომ მუხტი არაა", - განაცხადა მამრაძემ.

კითხვაზე, მაშინ რას მიეწერება ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი და შიგადაშიგ დიდი აქციები თუ ხალხში მუხტი არაა, მამრაძემ გვითხრა:

„უკანდასახევი გზა არ აქვთ, დასავლეთთან, ევროკავშირის ბიურიოკრატიასთან და ფინანსურ წრეებიდან დაფინანსებაა, კონტაქტია და რომ გამოუცხადონ, რომ ჩვენ ამას ვწყვეტთო, ეს არანაირად არ გამოუვათ, ამით ცხოვრობენ და, სხვათა შორის, ბევრმაც ქონება ამ საქმიანობით იშოვა, ამიტომ ამას არ შეწყვეტენ. ამათ არავითარი პოლიტიკური იდეები, იდეალები პოლიტიკური მრწამსი არ გააჩნიათ, მხოლოდ ფულისა და სტატუსის მერკანტილური და პირადი ინტერესი, მეტი არაფერი", - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×