რეზონანსი
13.11.2025

მინდა, შევახსენო პროკურორებსაც, მოსამართლეებსაც, რომ ამ ქვეყნის მიწის არცერთი გოჯი არ შეიძლება, ჩაითვალოს დაკარგულად, ამაზე საუბარიც კი არის ეროვნული ინტერესების დაზიანება და საფრთხის მატარებელი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლემ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების განგრძობადი, შეუქცევადი დაზიანება.

„მოსამართლემ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. პატიმრობის გამოყენების მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა. ჩვენ ხომ არ გვაქვს ყვარყვარე თუთაბერისგან განსხვავებული მართლმსაჯულების სისტემა ან სხვა ადამიანი გვმართავს. ეს არის ერთი სისტემა, ერთი ჭანჭიკის ორი ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულებაში იღებს გადაწყვეტილებას. თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმეა. სამართლებრივ პროცესებზე, არგუმენტებზე, მტკიცებულებებზეც საუბარი არ არის. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი კი არა, ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რაიმე ფორმით გიორგი გახარიას ბრალეულობაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, გიორგი გახარიას კი არა, საქართველოს ედავებიან.

„ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც გამოიყენებს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი. ეს იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება. ცხადი იყო, რომ მოსამართლე პატიმრობას უფარდებდა. ცირკი, თითქოს სათათბიროდ გავიდა და ამის შემდეგ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო. ოქმი უნდა გამოვითხოვოთ, რადგან დასაბუთების ნაწილი ვერ ვნახეთ. იმედია, განჩინებაში უფრო ვრცლად იქნება საუბარი. ძირითადი აქცენტი თითქოს მიმალვის საფრთხეზე გააკეთეს, მაშინ როდესაც პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით არცერთხელ არ დაუბარებია გიორგი გახარია გამოკითხვაზე. მაშინ როდესაც გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა ორჯერ, დაკითხულია 20 ივნისის საქმეზე ორჯერ და საუბარი მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, დაცვის მხარე მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომელიც ამართლებს გიორგი გახარიას.

„შეთითხნილი, ბინძური პასკვილები, ე.წ. მტკიცებულებების სახით რაც საქმეშია, ნაცარტუტად გადაიქცევა ობიექტური სასამართლოს პირობებში, მაგრამ ამ სასამართლოს პირობებში განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს. შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები უნდა ამოვწუროთ, რომ შეგვეძლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ. დღეს რაც ხდება, არის საქართველოს ეროვნული ინტერესების განგრძობადი, შეუქცევადი დაზიანება. მოსამართლე დღეს საუბრობდა იმაზე, ტერიტორია დაიკარგა თუ არ დაიკარგა, არსებითი განხილვის საკითხიაო. მინდა, შევახსენო პროკურორებსაც, მოსამართლეებსაც, რომ ამ ქვეყნის მიწის არცერთი გოჯი არ შეიძლება, ჩაითვალოს დაკარგულად. ამაზე საუბარიც კი არის ეროვნული ინტერესების დაზიანება და საფრთხის მატარებელი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×