
დონბასის, ხარკოვისა და ზაპოროჟიას ფრონტებზე გააფთრებული ბრძოლების ფონზე კიევში ისეთი მძლავრი კორუფციული სკანდალი აგორდა, რომ შეიძლება, არც მეტი არც ნაკლები, თავად პრეზიდენტ ზელენსკის შეუქმნას, ასე ვთქვათ, ეგზისტენციური საფრთხე. მისი ძმაკაცი და პრეზიდენტის „შავ კასირად" წოდებული პერსონა სავარაუდოდ ისრაელშია გაქცეული, მინისტრები კი მეტეორებივით ცვივიან საკუთარი სავარძლებიდან. სკანდალმა ისეთი სენსაციური ელფერი მიიღო, რომ სამხედრო ექსპერტებიც კი ბოლო დღეების განმავლობაში ფრონტის ამბების კომენტირებას სწორედ ამაზე საუბარს ამჯობინებენ.
როგორც აღმოჩნდა, მაშინ, როცა უკრაინა დაჟინებით მოითხოვდა დასავლეთისგან მრავალმილიარდდოლარიან დახმარებას, მათ შორის ენერგეტიკაში, და როცა რუსული დაბომბვების შედეგად ნახევარი უკრაინა დენის გარეშეა, მეორე ნახევარი კი მკაცრი გრაფიკით იღებს ელექტროენერგიას, ამ სფეროში არნახული ინტენსივობის კორუფცია მძვინვარებდა.
გარდა კორუფციის მასშტაბისა, საყურადღებოა ჩინოვნიკების განსაკუთრებული ცინიზმი. მაგალითად, გამოძიების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ აშანტაჟებდნენ კერძო კომპანიებს იმით, რომ თუ კონტრაქტის 10-15%-ს „ატკატის" სახით არ დაუბრუნებდნენ, მათ საწარმოებში „ტეცეკას" (სამხედრო კომისარიატი) ხალხი შევიდოდა და თანამშრომლებს მასობრივად გარეკავდნენ ფრონტზე. ამას გარდა, ერთ-ერთ ჩანაწერში კორუმპირებული ჩინოვნიკი იმაზე სწუხს, რომ მიღებული ფული, 1,5 მილიონი გრივნა, ძალიან მძიმეა და წაღება უჭირს.
ნაბუ-ს მტკიცებით, საქმეში ათი ათასამდე ჩანაწერია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო ნაწილ-ნაწილ, მცირე დოზებით აქვეყნებს.
ასეულობით მილიონობით დოლარის ოდენობის ქრთამის ბრალდება უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ახლო თანამოაზრეს, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და ვიცე-პრემიერს წაუყენეს. თანამდებობა უკვე დატოვა რამდენიმე მინისტრმა, უკრაინელები შიშობენ, რომ კორუფციული სქემები უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს დააკარგვინებს. ეს საკითხი კიევის დასავლელი პარტნიორებისთვისაც შეშფოთების მიზეზი აღმოჩნდა, ინფორმაციას სხვადსასხვა გავლენიანი გამოცემები ავრცელებენ.
10 ნოემბერს, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ), რომელის გაუქმება ზელენსკიმ ზაფხულში წარუმატებლად სცადა, ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური სქემის შესახებ განაცხადა. კრიმინალური ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის არიან ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, ასევე ქვეყანაში ცნობილი ბიზნესმენი, უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ოპერატორის, „ენერგოატომის" გარშემო მასშტაბური კორუფციული სქემა ააწყვეს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა და ქვეყნის ენერგომოხმარების 50%-ზე მეტს უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ნაბუ უკრაინის დასავლელი მეგობრების დახმარებით შეიქმნა ისეთ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომ პრეზიდენტის ჩარევას გამორიცხავს. ანუ, არცზელენსკის და არც მის გარემოცვას არ შეუძლია მასზე წნეხის განხორციელება.
კრიმინალური ჯგუფი სისტემატურად მდიდრდებოდა „ენერგოატომის" კონტრაქტორებისგან მიღებული ქრთამის მეშვეობით და, „ატკატების" სახით, სახელმწიფო კონტრაქტების ღირებულების 10-დან 15%-მდე იღებდა.
ამ გზით მიღებული ფულის გათეთრება კი მცირე კომპანიების ქსელის მეშვეობით ხდებოდა. ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ნაღდი ფულის გაცემა, უკრაინის ფარგლებს გარეთ განხორციელდა. ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია 100 მილიონი დოლარზე მეტი „ატკატი".
კორუფციული სქემის გამოვლენის ოპერაცია 15 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა შეაგროვეს ათასობით აუდიოჩანაწერი, ჩაატარეს 70-ზე მეტი ჩხრეკა და ამოიღეს დოკუმენტები. საყურადღებოა, რომ თანხის ნაწილი, დაახლოებით 2 მილიონი, საბოლოოდ რუსეთში გადაირიცხა.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ სქემიდან მიღებული შემოსავალი კიევში არსებული ოფისის მეშვეობით გათეთრდა, რომელიც ყოფილი უკრაინელი კანონმდებლისა და ამჟამინდელი რუსი სენატორის ანდრეი დერკაჩის ოჯახთან არის დაკავშირებული,
მინისტრები თანამდებობას ტოვებენ
გამოძიების მტკიცებით, სქემის სათავეში იდგა სტუდია „კვარტალი 95"-ის თანამფლობელი ტიმურ მინდიჩი. ეს ის სტურდიაა, სადაც ზელენსკი გაპრეზიდენტამდე მუშაობდა და სადაც თავადაც არის თანადამფუძნებელი. მინდიჩს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მან ქვეყნის დატოვება ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე, საეჭვო ვითარებაში მოახერხა, რადგან მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ მინდიჩი გააპარეს.
ჩხრეკა ასევე ჩატარდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის, გერმან ჰალუშჩენკოს ოფისში, რომელიც მედიაში მინდიჩის პროტეჟედ არის მოხსენიებული. 12 ნოემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ ჰალუშჩენკოს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განაცხადა. ჰალუშჩენკო ადრე „ენერგოატომის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და მიმდინარე წლის ივლისამდე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო.
საინტერესოა, რომ ჰალუშჩენკომ პოსტი ივნისში დატოვა და თავის ადგილზე დაანიშნინა 40 წლის ქალი სვეტლანა გრინჩუკი. ეს უკანასკნელი იძულებული იყო ასევე გადამდგარიყო, რადგან აგორდა მინი-სკანდალი ყოფილ შეფთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.
სკანდალში ასევე სავარაუდოდ ფიგურირებს უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი. გარდა ამისა, დააკავეს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იგორ მირონიუკი, „ენერგოატომის" უსაფრთხოების აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბასოვი, ბიზნესმენები ალექსანდრე ზუკერმანი და იგორ ფურსენკო, ასევე ფულის გათეთრების ფირმის თანამშრომლები ლესია უსტიმენკო და ლუდმილა ზორინა.
მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
კიევის ევროპელმა პარტნიორებმაც სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. დიდი შვიდეულის ქვეყნების ელჩებმა მოითხოვეს, ეს საკითხი უკრაინის ხელმძღვანელობასთან განეხილათ.
„ზოგიერთისთვის ამ კრიზისმა ანტიკორუფციული რეფორმებისადმი ზელენსკის ერთგულება ეჭვქვეშ დააყენა. უახლესი სკანდალი უკრაინის პრეზიდენტისთვის კიდევ უფრო უხერხულ კითხვებს წარმოშობს, უკრაინელები შიშობენ, რომ ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატისი სტატუსი, რომელიც მას მიენიჭა იმ პირობით, რომ კორუფციის წინააღმდეგ სანდო ბრძოლას დაიწყებდა," - წერს ბი-ბი-სი.
ექსპრეზიდენტმა პოროშენკომ კი მთელი მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
სხვადასხვა გამოცემების სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამჟამად უკრაინის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებასთან საკამოდ ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს რადაში უმრავლესობას კვლავ პრეზიდენტის „ხალხის მსახური" პარტია წარმოადგენს, უკმაყოფილება მზარდია.