თამთა ჩაჩანიძე
13.11.2025

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ღამით „ვივა მედიდან" ციხეში დააბრუნეს, საკნიდან წერილს აგზავნის. პენიტენციური სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აღარ აქვს და სასჯელი აქვს მოსახდელი. თავად სააკაშვილი და მისი ოჯახი ირწმუნებიან, რომ რუსთავის ციხეში გაფრთხილების გარეშე დააბრუნეს და მოწამვლის სიმპტომები კვლავ არის.

მმართველ პარტიაში იფიცებიან, რომ პოლიტიკურ შურისძიებას ადგილი არ ჰქონია. თავად სააკაშვილი კი რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში სწორედ ამაზე საუბრობს.

სააკაშვილი ციხეში ოთხშაბათს ღამით გადაიყვანეს. როგორც მისი ერთ-ერთი ადვოკატი ვახო ბარნაბიშვილი ამბობს, ეს სრულიად მოულოდნელი იყო და ციხეში გადაყვანაზე არავინ გაუფრთხილებიათ, მათ შორის არც სააკაშვილი.

„გუშინ ვიყავი მასთან ვიზიტზე და ისიც(სააკაშვილიც) არ იყო ინფორმირებული",- აცხადებს ბარნაბიშვილი.

ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ „ოცნებამ" სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ახალი ფაზა წამოიწყო. მისი თქმით, კლინიკას და პენიტენციურ დაწესებულებას არც მიხეილ სააკაშვილისთვის, არც ადვოკატებისთვის და ოჯახისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია, რომ ეს ღონისძიება იგეგმებოდა.

„ვხედავთ, რომ პოლიტიკური დევნის ახალ ფაზაშია რეჟიმი შესული და ახლა უკვე ზვიგენთან სელფის გადაღების საქმე წამოიწყეს. პროკურატურამ მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა უკრაინა და საქართველოს რეალურად მეგობარი ქვეყნები, შესაბამისად, არცერთი შემდგომი ნაბიჯი, მათ შორის ეს რაც განახორციელეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის მოულოდნელი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ კი, ისინი ყველანაირ რეპრესიაზე წავლენ", - ამბობს ბასილაია.

„ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და არ შეესაბამებოდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც სტაციონარში ყოფნისთვის არსებობს. შესაბამისად, „შესაძლოდ ჩაითვალა მისი გაწერა სტაციონარის პირობებიდან".

ჩხაიძე უარყობს სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციას, რომ პატიმარი ბოლო კვლევებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა და დიდი ხანია ექიმებს არ შეუმოწმებიათ.

„შეფასებულია როგორც მისი მკურნალი ექიმის მიერ, ასევე სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ნახულობდნენ მას და არა ისე, როგორც ქალბატონი გიული ალასანია ამბობს, რომ ბოლო დღეებში არ გასინჯულაო. მკურნალი ექიმი დღეში სამჯერ ნახულობდა მას, ყოველდღიურად ხდებოდა შემოწმება. მას ამ პერიოდში განსაკუთრებული ჩივილებიც არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩაითვალა საჭიროდ მისი გაწერა სტაციონარიდან", - განაცხადა ჩხაიძემ.

გიული ალასანიას თქმით, ერთ თვეზე მეტია, რაც სააკაშვილს სამედიცინო კვლევა არ ჩატარებია.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და სასჯელი აქვს მოსახდელი.

„ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და სასჯელი უნდა მოიხადოს, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პენიტენციური სასახურის განცხადებით, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, კლინიკიდან გამოწერეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა "ვივამედში", სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

"ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის ცნობილი არ ყოფილა და მხოლოდ მეორე დღის დილით შევიდა მასთან ადვოკატი, მისი თქმით, "ესეც უმძიმესი პროცესუალური დარღვევაა".

„ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში როგორ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც „ვერ შემდგარ, უნიათო, დიქტატორზე". ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი.

„თქვენ იცით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმძიმესი კვალი დარჩა მისი 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ და ამავდროულად, იცით, რომ მათ შორის, საერთაშორისო ცნობებით დასტურდება, რომ ის იყო მოწამვლის მსხვერპლი რეჟიმის მხრიდან. ამგვარად, ბუნებრივია, გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნებოდა სააკაშვილის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა",- განაცხადა ბოკუჩავამ.

სხვა ოპოზიციური პარტიების რეაქციას რაც შეეხება, „გახარია საქართველოსთვის" წევრის გიორგი შარაშიძის თქმით, სააკაშვილის „ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტი „ქართულმა ოცნებამ" გიორგი გახარიასთვის წარდგენილი „აბსურდული" ბრალის გადასაფარად გამოიყენა.

ფედერალისტების ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია ისევე, როგორც პოლიტიკური პატიმარი იქნება ღარიბაშვილი.

„სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ისევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პოლიტიკური პატიმარი. არც ერთის და არც მეორის დაკავების მოტივი დანაშაულის მოტივი არ ყოფილა, ორივე შემთხვევაში იყო პოლიტიკური ",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსთან".

რაც შეეხება მმართველი პარტიის განცხადებებს, "ოცნების" დეპუტატის ლევან მახაშვილის თქმით, სააკაშვილს სახელმწიფომ იმაზე მედი დრო და რესურსი დახარჯა, ვიდრე შეიძლება.

„სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო, იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, იმაზე მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე შეიძლება, ეს ადამიანი იმსახურებდა, რადგან იგი ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დრამას დგამდა, მაგრამ ის აქამდე მკურნალობდა. როგორც კი დასრულდა მკურნალობა დაბრუნდა საპატიმრო დაწესებულებაში და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, რომელიმე ერთი, ცალკე აღებული პატიმარი, განურჩევლად სახელი-გვარისა, იყო ბევრად უკეთესი მოპყრობის ქვეშ, ვიდრე სხვა პატიმრები", - განაცხადა მახაშვილმა.

რუსთავის ციხიდან პირველი წერილი სააკაშვილმა თავის ადვოკატს გამოატანა.

„ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც 2022 წლის მარტში მომწამლეს. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა „ვივამედის" იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრისა და უბედურების ფონზე, არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას. რატომ დამაბრუნეს ახლა ჯალათებთან? სწორედ იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორე, ეს კონკრეტულ გზავნილს უგზავნის დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ევროპელებსა და ამერიკელებს ეუბნება, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მე ვარ ყველაზე წარმატებული რეფორმებისა და ასევე, საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

„ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც. დღეს მინდა ადამიანებს ვუთხრა ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას", - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×