
წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ის იყო დაავადებული დემენციით, ვნახეთ, რომ მან მოახდინა სასწაული - დაამარცხა დემენცია და გამოკეთდა ადამიანი. შესაბამისად, მოიხადოს სასჯელი, სადაც აქვს განწესებული სასამართლოს მიერ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ვინაიდან სააკაშვილის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ის აღარ საჭიროებს სტაციონარში ყოფნას.
„ჩვენ წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ის იყო დაავადებული დემენციით, მას სჭირდა ისეთი დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნებოდა და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ მან მოახდინა სასწაული - დაამარცხა დემენცია, სამედიცინო სფეროში გარღვევა მოახდინა და გამოკეთდა ადამიანი. ქართულში კი არა, მსოფლიო პოლიტიკაშია ადამიანი ბოლომდე ჩართული. შესაბამისად, მოიხადოს სასჯელი, სადაც აქვს განწესებული სასამართლოს მიერ. აქ არაფერი არაჩვეულებრივი არ მომხდარა. ჩვეულებრივი პროცედურა ჩატარდა. კონსულტაციები, როგორც ჩანს მიიღეს ექიმებისგან დაწესებულების წარმომადგენლებმა და მოხდა მისი გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.