
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევს ფულს აღარ მისცემს.
როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბრიუსელის მიერ კიევისთვის მიცემული ფული „ომის მაფიოზების ჯიბეში მიდის“.
„უკრაინის ოქროს ილუზია იშლება. გამოაშკარავებულია ომის მაფიოზური ქსელი, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ენერგეტიკის მინისტრი გადადგა, ხოლო მთავარი ბრალდებული ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის ქაოსი, რომელშიც ბრიუსელის ელიტას ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულის ჩაყრა სურს. ის, რაც არ ნადგურდება წინა ხაზზე, სამხედრო მაფიის ჯიბეში მიდის. საგიჟეთი. გმადლობთ, მაგრამ ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღება არ გვსურს. უნგრელი ხალხის ფულს უკრაინაში არ გავაგზავნით. ჩვენ მას სახლში უკეთ გამოვიყენებთ: მიმდინარე კვირას ბავშვთა მეურვეებისთვის შემწეობა გავაორმაგეთ და მე-14 თვის პენსია დავამტკიცეთ“, - წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი ზელენსკის ფინანსურ მოთხოვნებსა და შანტაჟს არ დაექვემდებარება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ფინანსურ მოთხოვნებს და უკრაინელი პრეზიდენტის შანტაჟს არ დავექვემდებარებით. დროა ბრიუსელმა გაიგოს, თუ სინამდვილეში რაში იხარჯება მისი ფული“, - აღნიშნა მან.