რეზონანსი
13.11.2025

მე არ ვიცნობ ამ სისხლის სამართლის საქმეებს. პრემიერმაც თქვა თქვენს ეთერში, რომ ამაზე სჯობს პროკურატურამ და გამომძიებლებმა ისაუბრონ. მე ყოველთვის მირჩევნია პრევენცია, ვიდრე უკვე ფაქტებზე გამოძიება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

ამ კომენტარით მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - „ვხედავთ არაერთ სისხლის სამართლის საქმეს „ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის შიდა შურისძიება, თუმცა არაერთხელ მოგვისმენია, მათ შორის პრემიერისგან, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ქვეყნის პირველი პრიორიტეტი. რა პროცესთან გვაქვს საქმე?“.

„უკვე რომ შედეგი გამოიკვეთა, ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე, რომელმაც თავად აღიარა, რომ რაც პროკურატურამ თქვა, ეს ასეაო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქ საუბარი არ არის ბიუჯეტიდან თანხის მისაკუთრებაზე, ან სახლში წაღებაზე, არამედ საუბარია უკანონოდ მიღებულ შემოსავლებზე, ანუ ბიზნესსაქმიანობაზე, რომლის უფლებაც არავის გვაქვს, სანამ ვართ თანამდებობებზე და მერეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ღიად მინდა გითხრათ, რომ არ არის სასიამოვნო. ჩვენ (არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ სხვებიც, ვისი გვარებიც სახელდება) ერთად ვმუშაობდით და როგორ შეიძლება ეს სახალისო, ან სასიამოვნო იყოს. ძალიან გული შემტკივა, რომ ასეთი განვითარება მიიღო ამ ყველაფერმა. თუმცა იქ, სადაც მან აღიარა ის, რაც აღიარა, ჩემი კომენტარი რა თქმა უნდა არის ყოვლად ზედმეტი“, - განაცხადა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×