აკაკი ჩარგეიშვილი: "ვინ აუნაზღაურებს ზარალს ამ დაზარალებულებს? პირდაპირ ვამბობ - არავინ და ეს არის მთავარი პრობლემა"
თამარ ვეფხვაძე
11.11.2025

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დააკავეს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართაც. გამოძიების მიხედვით, „სფერო ჰოლდინგმა“ და „სფერო ინვესტმა“ 244 მოქალაქესთან გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში, 12 მილიონამდე ლარი უკანონოდ მიითვისეს. თაღლითური გზით შექმნილი კომპანიების საშუალებით, მოქალაქეების მოტყუება და შემდეგ მათი „გადაგდება“ ახალი არ არის. 

სამწუხაროდ, 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და ახალფეხადგმული დემოკრატიის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა კომერციული ბანკები და შემდეგ კოტრდებოდა. სისხლიანი გარჩევებიც გვახსოვს ამის ნიადაგზე და სკანდალური მკვლელობებიც, მაგრამ ახლა 90-იანი წლები არ არის. ეს სამწუხარო ამბავი სულ რაღაც სამიოდე წლის წინ, 2022 წლიდან დაიწყო. მანამდე, ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც იყვნენ და მათ მიერ, კაბალლური პირობებით გაცემული სესხებით გაკოტრებული მოსახლეობაც არ მოსულა ჯერ კიდევ გონს. ამიტომ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - პრევენციის რა ზომა უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ, რომ მსგავსი ტიპის ეკონომიკური თუ ფინანსური აფერა თავში აზრად არავის მოუვიდეს? „რეზონანსს“ ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ესაუბრა, რომელიც წლების წინ, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულების ინტერესებს იცავდა. 

"რეზონანსი": პრევენციის რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ მსგავსი ტიპის ეკონომიკური დანაშაული აღარ მოხდეს?

აკაკი ჩარგეიშვილი: თქვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მაგალითი ახსენეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ჩარევა იმ პროცესებში წარმატებული არ ყოფილა. სხვათა შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, მაშინ სხვა საკითხებიც იყო, მაგალითად, კომპანია „საქართველოს“ თემა. მოვითხოვე, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია პარლამენტში იმიტომ, რომ გადაკვეთა იყო, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობების. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პარლამენტმა არ შექმნა კომისია, მომხსენებელთა ჯგუფი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მოგვარებულიყო დაზარალებულთა საკითხი. 

მე აქტიურად ვმონაწილეობდი ამ პროცესებში, რათა კონკრეტული დაზარალებული ადამიანების პრობლემა მოგვარებულიყო. ვფიქრობდი, იმ თანხის ძირი მაინც დაებრუნებინათ მათთვის, რაც გაღებული ჰქონდათ სიმულაციურ სქემაში. მიმაჩნდა, რომ პარლამენტს უნდა გამოეძიებინა და დაედგინა რეალურად სისტემური დანაშაული. 

"რ": სისტემურ დანაშაულში რას გულისხმობთ, დააკონკრეტეთ.

ა.ჩ: მართალია, საფინანსო კომპანია „საქართველო“ ერთმა ადამიანმა შექმნა, მაგრამ არ იყო საუბარი იმაზე, რომ პასუხი ეგო კონკრეტულ სახელმწიფო ჩინოვნიკს. საუბარი იყო იმაზე, რომ გამოვლენილიყო სახელმწიფო სისტემაში არსებული ხარვეზები, რომლებიც უშვებენ სიმულაციური ფინანსური სქემების არსებობას და შემდგომში, ეს აწვება კონკრეტულ დაზარალებულს, მათ შორის, სახელმწიფოსაც. თავიდან ყველაფერი ნორმალურად დავიწყეთ, დადგა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებაში დაიწყო გარკვეული ცვლილებები, ერთგვარად, ამ თემამ დაკარგა ინტერესი და ნიველირდა პასუხისმგებლობაც. 

ჩვენ გავიარეთ 90-იანი წლები და კარგად გვახსოვს ბანკებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ურთიერთობები, როდესაც ერთ დღეში იქმნებოდა კომპანიები პირამიდული წესით, რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდნენ გარკვეულ თანხებს, ხალხს პირდებოდნენ მაღალ დივიდენდებს, თანაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საბოლოოდ, ისინი კოტრდებოდნენ, მაგალითად: „მახარე“, „აჩი“, „ოქროს თასი“ და უამრავი სხვა. სამწუხაროდ, ეს განმეორდა და ამიტომ იყო ჩემი მცდელობა, რომ სისტემურად გამოვლენილიყო დანაშაული და როგორც გითხარით, ეს საქმე ბოლომდე არ მისულა. 

მაშინვე გავაკეთე პროგნოზი, რომ ეს პრობლემა ისევ განმეორდებოდა და გავაფრთხილე პარლამენტარებიც. ვეუბნებოდი, რომ თუ ამ საკითხს არ მიხედავდნენ, გავა, პირობითად,  ათი წელი და კიდევ ამ პრობლემის წინაშე დავდგებით. ის, რაც დღეს, „სფერო ჰოლდინგთან" დაკავშრებით მოხდა, მაშინდელი დანაშაულის გაგრძელებაა. 

რა თქმა უნდა, „სფერო“ ჰოლდინგის პრობლემა პირდაპირ ეროვნულ ბანკთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ, როდესაც ფინანსური აქტივების მართვა ხდება, ერთგვარი ინტერესის ქვეშ აუცილებლად უნდა მოექცეს. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში კომპანიის შექმნა, დაფუძნება და ფუნქციონირება, პრაქტიკულად, ერთ-ორ საათში შეიძლება. 

"რ": დიახ, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ძალიან ადვილი და შესაძლებელია და ვინ უნდა აიღოს რეალური პასუხისმგებლობა?

ა.ჩ: ეს არის რეალური უპასუხისმგებლობა სახელმწიფო, საკანონმდებლო, იურიდიული უსაფრთხოების კუთხით. არავინ ეკითხება ამ კომპანიების დამფუძნებლებს, რას აკეთებენ, რისთვის ქმნიან და აქვთ თუ არა ამის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული მიმართულება, რაც აირჩიეს, ბოლომდე შეასრულონ. შემდეგ მივა საგადასახადო, შეამოწმებენ, გარკვეულ ჯარიმებს დაუწესებენ და წავლენ. 

სიმულაციური სქემების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტიპის კომპანიების ხელმძღვანელები „თავს იმართლებენ“, საგადასახადოს რომ არ დავეჯარიმებინე, თავის დროზე სახელმწიფოს ნებართვა რომ მოეცა, მაგალითად, მშენებლობის სფეროში და ა.შ. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო - ისევ და ისევ ყველაფერს სახელმწიფოს აბრალებენ. რამდენად ფუნქციონირებადი იყო ეს საქმე, ხომ არ იყო სიმულაციური, ამის შესწავლა არ ხდება. საგადასახადო სამსახური ან სხვა ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით მოქმედი სახელმწიფო ორგანო ამ საკითხზე არ მუშაობს. 

როდესაც „სფერო ჰოლდინგი" შეიქმნა, თავიდანვე ვუთხარი ბევრს, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგი არ დადგება, რადგან არ შეიძლება, რომ სავალო ურთიერთობებს კაპიტალი ემყარებოდეს და ამ კაპიტალის გადაცემაზე ხდებოდეს დაპირება, რომ ბინას მიიღებ და ა.შ. მოგვიანებით, ამ ჰოლდინგმა ტელევიზიაც კი შექმნა და ეს ტყუილი დაპირებებიც კარგად „შეფუთა“ - გვერდით ამოიყენეს დაზარალებული მოგირავნეები თუ იპოთეკარები, რასაც სახელმწიფომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო. 

ახლა, „სფეროს“ დამფუძნებელი იმიტომ დაიჭირეს, რომ ისევ კონკრეტული ადამიანები არიან დაზარალებულები, რომლებმაც იჩივლეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფოს თავისი მექანიზმი ამ ტიპის ურთიერთობაში არ აუმოქმედებია. შესაბამისად, არც იციან, კონკრეტულად რომელ უწყებას ეკუთვნის მსგავსი საკითხების პრევენცია. ამიტომ იყო საჭირო, რომ იმ კომისიას ემუშავა, რომლის შექმნასაც წლების წინ ვითხოვდი პარლამენტში. კომისიას უნდა გამოევლინა, რა პრევენციული ზომები იქნებოდა საჭირო, რომელ უწყებას უნდა მინიჭებოდა ეს უფლება, რომ ახლა იგივე არ განმეორებულიყო.

"რ": ვფიქრობ, ხალხი იმიტომ ტყუვდება, რომ ადამიანი ადვილად ენდობა მისი საყვარელი მომღერლის, მსახიობის თუ სპორტსმენის რეკლამას, თუნდაც საეჭვოდ დაბალ ფასად ბინის შეძენის შესახებ; ან იმდენად დაბალშემოსავლიანია, რომ ამ ტიპის რეკლამებში არსებულ რეალურ სატყუარას ყურადღებას არ აქცევს. არ მეთანხმებით?

ა.ჩ: გეთანხმებით და ზუსტად იგივე სიტუაცია იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევებში, როდესაც საზოგადოების საკმაოდ ცნობილი სახეები აკეთებდნენ სატელევიზიო რეკლამებს. კონკრეტული მაგალითები მაქვს, ადამიანებმა სახლები და ბინები გაყიდეს, თავად კი ნაქირავებში გავიდნენ, რათა საფინანსო კომპანია „საქართველოში“ ფული ჩაედოთ. თავიდან კი იღებდნენ მცირე პროცენტს, რითაც ბინის ქირის საფასურს იხდიდნენ, მაგრამ კომპანია რომ გაკოტრდა, აღმოჩნდა, რომ ვეღარც ქირას გადაიხდიან, ვეღარც საჭმელს იყიდიან და სახლი და ბინაც აღარ შერჩათ. მაშინაც ეს კითხვა გაჩნდა - ადამიანების ნდობისა და განათლების. 

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საჯაროდ ქვეყნდება გარკვეული ინფორმაცია, ყველასთვის დამაჯერებლად მისაღებია. მაგალითად, როცა აფთიაქში შედიხართ, არ ეკითხებით ფარმაცევტს ან აფთიაქის გამგეს, აქვს თუ ამ აფთიაქს ლიცენზია. იცით, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების და სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილი აქვს და ეს აფთიაქი სხვაგვარად ვერ იმუშავებს. რადგან მუშაობს, ესე იგი ნორმალური აფთიაქია, შედიხართ და ყიდულობთ წამალს. 

„სფერო ჰოლდიგთან" დაკავშირებით, უამრავი რეკლამა იყო, საკუთარი ტელევიზიაც შექმნეს. ადამიანებმა, ვინაიდან ასე მძლავრი ინფორმაციული ნაკადი წამოვიდა, ადვილად დაიჯერეს, რადგანაც სახელმწიფოს ენდობიან. რა გამოვიდა, ჩვენ ნდობა გვაქვს სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს - თუ ასე საჯაროდ ხდებოდა კლიპების გაშვება ტელევიზიით, სოციალურ ქსელებში, მოჭარბებულ ინფორმაციას იღებდა ხალხი და ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენდა კომპანია, სახელმწიფოს რომ მოეკვლია თავის დროზე და გამოეცხადებინა, რომ ასეთ პირობებში, როდესაც იპოთეკაა, როდესაც ქირაა, ეს ვერ უზრუნველყოფს მშენებლობის თანხებს, რეაბილიტაციის დაფინანსებას, ბევრი ადამიანი აღარ მივიდოდა. დამფუძნებელიც შეცვლიდა თავის მიდგომას, მაგრამ, სამწუხაროდ, პირიქით მოხდა. სახელმწიფომ ახლა კი დაიჭირა, მაგრამ ვინ აუნაზღაურებს ზარალს ამ დაზარალებულებს? პირდაპირ ვამბობ - არავინ და ეს არის მთავარი პრობლემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×