"მისი მთლიანად შეცვლა ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ კორექტირება უკვე აუცილებელია"
რეზონანსი
11.11.2025

თბილისის განვითარების გენერალური გეგმა უკვე გადასახედია. სპეციალისტების განცხადებით, დოკუმენტი უნდა დაკორექტირდეს ისე, რომ ურბანული გამჭიდროვება მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული და ახალ მოთხოვნებს დაექვემდებაროს. არსებული გენგეგმა 2015 წელს შემუშავდა, მაგრამ დედაქალაქში მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა, ახალი მოთხოვნები გაჩნდა და  დოკუმენტიც კორექტირებას საჭიროებს.

„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ დაადასტურა, რომ თბილისის გენგეგმა გადასახედია, მთავარი გამოწვევა ალბათ იქნება, რამდენად ინტენსიურად გაიზარდა გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე სიმჭიდროვე. დედაქალაქისთვის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეკრეაციული ზონების სამშენებლო ზონებად გადაკეთება.

„გენგეგმა 2019 წელს დამტკიცდა და გადახედვა სჭირდება უკვე. ბევრი მშენებლობა და სიახლეა. უნდა ვნახოთ, კონკრეტულად რა შეიცვალა. კვლევები გაკეთებული იყო 2015 წლიდან, 10 წელი გავიდა და ბუნებრივია, იცვლება, შეიძლება გარკვეულ ტერიტორიებზე სართულიანობაც შეიცვალა ან თუნდაც ახალი გზები გაჩნდა.

სხვა რეალობაა უკვე, ძალიან ბევრი რამ ისევ თავიდან იქნება ალბათ საკვლევი. საჭიროა, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს და შეაფასებს, რამდენად მიჰყვა ქალაქი, მათ შორის ნებართვების გაცემის სამსახური და არა მხოლოდ ეს სამსახური იმას, რაც იდო გენგეგმაში.

მთავარი გამოწვევები ალბათ იქნება, რამდენად ინტენსიურად გაიზარდა გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე სიმჭიდროვე, რამდენი ნებართვა გაიცა. შეფასება უნდა მოხდეს, რამდენად შესრულდა ან დაირღვა გენგეგმის მოთხოვნები.

ყველაფერს აღრიცხვა უნდა. ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რეალობა შევაფასოთ თავიდან ბოლომდე სწორად და რეალობაზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს ახალი გეგმა, ახალი სტრატეგია. ის რაც იყო, რამდენი პროცენტით შესრულდა არავინ არ იცის, თუ არ ვნახეთ და გავაანალიზეთ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მსგავსი დოკუმენტების მიღებიდან 3-4 წელიწადში მონიტორინგი უნდა ხდებოდეს. ურბანისტ მერაბ ბოლქვაძის აზრით, საჭიროა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც დამტკიცებული გენერალური გეგმიდან გადახვევის შემთხვევებს აღრიცხავს და ახალ დაგეგმარებაზე არსებული რეალობიდან გამომდინარე იმუშავებს.

,,საერთოდ, ასეთი დოკუმენტის ამოქმედებიდან 3-4 წლის შემდეგ უკვე ხდება შემოწმება იმისა, თუ რა და როგრ შესრულდა. ამას მონიტორინგი ჰქვია. ასევე, თუ წარმოეშვა რაიმე ტიპის ახალი მოთხოვნები ან ახალი მიმართულების დაგეგვმა და ა.შ. საჭიროა მსჯელობა. საერთოდ, ყველა ქვეყანა და ქალაქი დოკუმენტიდან 3 წლის გასვლის შემდეგ აანალიზებს რა გაკეთდა, რაიმე ცვლილებების აუცილებლობა ხომ არაა და რამდენად სწორად მიმდინარეობს გეგმის განხორციელება. ამიტომაც, უნდა დასხდნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და ახალი რეალობიდან გამომდინარე ხელახლა შეისწავლონ სიტუაცია. დღეს არსებული გენგეგმა 2030 წლამდეა დამტკიცებული და კონტროლი ისედაც უნდა მომხდარიყო. 

გადახედონ და ნახონ რომელ ნაწილში მიჰყვება ქალაქი შესრულებისას, სადაა დარღვევები და ხარვეზები. რეკრეაციულ ზონებზე და სამშენებლო სექტორზე თუ სხვა მიმართულებით", - აღნიშნა ბოლქვაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

მისი შეფასებით, შეუძლებელია დოკუმენტის მთლიანი ცვლილება განხორციელდეს. ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და სადაც საჭიროება მოითხოვს, ის ესა თუ ის საკითხი დაკორექტირდეს კიდეც. 

,,გარკვეული დროის შემდეგ საჭიროა პატარა ანალიზი იმისა, თუ რა ხდება და რა ცვლელებებია საჭირო. გენგეგმის კორექტირება მარტივი არ არის და არცაა მიზანშეწონილი, რადგან ის  დამატებით კვლევებს მოითხოვს, რომელმაც შეიძლება 4-5 წელი გასტანოს კიდეც. ამიტომ მისი მთლიანად შეცვლა ფიზიკურად შეუძლებელია. 

დღეს, რასაც ვამჩნევთ ისაა, რომ ქალაქის ცალკეულ ტერიტორიებზე სიმჭიდროვე გაიზარდა. მისი არეალების ანალიზის გაკეთება კარგია, რომ შემდეგში არ დავუშვათ მსგავსი ტიპის შეცდომა. შესასწავლია კონკრეტულად სად არის დიდი გამჭიდროება და რამ გამოიწვია ის. ვხედავთ, ზოგან საბავშვო ბაღი, ზოგან სკოლა და მომსხურების ინფრასტრუქტურა არასაკმარისია. აღნიშნული თემა გასათვალისწინებელია. სასურველია მოხდეს ანალიზი იმისა, სადაც სიმჭიდროვემ გადააჭარბა მოცემულ და დათქმულ ნორმებს.

აღნიშნული საკითხების შესასწავლად საკმარისია 4-5-კაციანი ჯგუფი შეიქმნას და ანალიზი გაკეთდეს. ისინი იტყვიან რა ნაწილში წარიმართა საქმე სწორად და სად მიდის ხარვეზებით. თუ რამე ცდომილებას ნახავენ, უნდა დააკორექტირონ კიდეც", - განაცხადა ბოლქვაძემ.

გენგეგმის გადახედვის აუცილებლობაზე და კანონიერებაზე საუბრობს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძეც. მისი აზრით, საჭიროა შეიქმნას ინსტიტუტები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში შეისწავლიან და მონიტორინგს გაუწევენ გენგეგმის შესრულების პროცესს. 

,,ჯერ ერთი, გენგეგმის გადახედვას კანონმდებლობაც ითხოვს. მოგეხსენებათ, ის მუშავდება ხანგრძლივი ვადით და ამ პროცესში ახალახალი იდეები ჩნდება, რომელიც მის დამუშავების მომენტში დღის წესრიგში არც იყო. მაგალითად, როგორიცაა დიდი სტადიონის, ხიდების მშენებლობა და ა.შ. ანუ თანდათან შემოდის ახალი თემები. ამდენად, რა თქმა უნდა, კორექტირება აუცილებელია. 

აქვე საურადღებოა ის გარემოებაც, რომ დოკუმენტი მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი ინფორმაცია არ უნდა იყოს. ესაა პროცესი, როდესაც ახალი პრობლემები შემოდის, ძველი გვარდება ან ვერ გვარდება. ამიტომაც საკითხის ყოველდღიური შესწავლა უნდა მიმდინარეობდეს. ამისათვის კი აუცილებელია საკვლევ-საპროექტო ინსტიტუტი არსებობდეს და იქ ყოველდღიური მუშა პროცესი მიმდინარეობდეს. ასეთ შემთხვევაში უფრო გამოვლინდება პრობლემები, ხარვეზები თუ ა.შ. 

სპეციალური შესწავლებისა და კვლევების გარეშე შეუძლებელია სტადიონის, ხიდებისა და მით უფრო სატრანსპორტო სქემის გაკეთება. ადრე ეს ყველაფერი პროფესიულ ჩარჩოში იყო ჩასმული. დღეს არქიტექტორები და ურბანისტები მერიაში არ მუშაობენ. უცნობია ვინ ხელმძღვანელობს აღნიშნულ საკითხებს. არ შეიძლება ასე უდიერად მოვეპყრათ ჩვენს დედაქალაქს", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ლადო ვარდოსანიძემ და დასძინა, რომ გენერალურ გეგმაში რადიკალურად რამე ცვლილების განხორციელებას არ ელოდება, მაგრამ გარკვეულ საკითხებს მოწესრიგება და ახლებური რეალობის გათვალისწინება სჭირდება. საბოლოოდ უნდა გადაწყდეს შემოვლითი რკინიგზის საკითხიც. შეუძლებელია პრობლემის ასე მიტოვება. გასაკეთებელია ბევრია და იმედია ახალი საკრებულო ახლებურად შეხედავს ამ ყველაფერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×