
სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
არსებული ცნობები, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო კონტაქტზე იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან და ამზადებს თურქეთის სამაშველო ჯგუფებს რეგიონში გამოსაგზავნად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.