
აბსოლუტურად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ 7 მიმართულებაში დავაჯგუფეთ, არის ის პრობლემები და გამოწვევები, რომლების წინაშეც დღეს საქართველოში უმაღლესი განათლება დგას, რომ ისინი გადაწყვეტას საჭიროებენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს იმ განხილვებს, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა წრეში მიმდინარეობს.
,,პარალელურად, პრემიერ-მინისტრი, უშუალოდ მე, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან ღია, საჯარო დისკუსიებში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის ირგვლივ რაიმე არსებითი არგუმენტირებული კონტრ პოზიცია ფიზიკურად არ არსებობს.
აბსოლუტურად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ 7 მიმართულებაში დავაჯგუფეთ, არის ის პრობლემები და გამოწვევები, რომლების წინაშეც დღეს საქართველოში უმაღლესი განათლება დგას, რომ ისინი გადაწყვეტას საჭიროებენ. რაც შეეხება გადაწყვეტის გზებს, გარდა იმ მცირე ჯგუფებისა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ როდესაც ჰქონდათ საშუალება და ისინი წინა ხელისუფლების პირობებში კონკრეტულ მაღალ პოზიციებს იკავებდნენ, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თუ სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში, მათ მაშინ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ეს რეფორმა განხორციელებულიყო. პირიქით, მათი ნაბიჯები დამაზიანებელი იყო და შედეგებს დღეს ჩვენ ვიმკით ამ ყველაფრისას. რეალურად, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, არის ჯანსაღი და ორიენტირებულია იმაზე, რომ უმაღლესმა განათლებამ თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლით და რაც მთავარია, ამ ხარისხთან ერთად დასაქმებითაც უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ადამიანი, რომელიც ამ პროცესში იქნება ჩართული, ამის უზრუნველყოფა მოახდინოს.
რეალურად, იწყება სპეკულაციები შენობების თემით, იმით, რომ ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპი არ იქნება დამაკმაყოფილებელი მაშინ, როდესაც ჩვენ კონცენტრირებას ვაკეთებთ რესურსების. კონკრეტულ სასწავლებლებში ვგეგმავთ, რომ მოხდეს იმ მიმართულებების ტრადიციულად დაწესება და განვითარება, სადაც ხარისხობრივი მაჩვენებელი უზრუნველყოფილი იქნება, კონკურენცია სასწავლო პროცესში გაზრდილი იქნება და რაც მთავარია, ბაზრის კვლევებიდან გამომდინარე ჩვენ გვეცოდინება მიმართულებების მიხედვით თუ რამდენი პროფესიონალი უნდა გავზარდოთ, რომ მათ შეძლონ კონკურენტუნარიან ვითარებაში ბაზარზე თავისთვის შესაფერისი მაღალანაზღაურებადი პოზიციები მოიპოვონ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე განცხადებით, სრულიად უსუსური, უარგუმენტო, სიცრუით გაჟღერებული კამპანია მიმდინარეობს რიგი ჯგუფების მიერ.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ განხილვებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გაიმართა, შემდგომში ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, შემდგომში მე და ჩემი მოადგილე რექტორთა საბჭოს ფორმატში შევხვდით 64-ვე უნივერსიტეტის, არა მხოლოდ სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, რეალურად ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უდიდესი უმრავლესობა, თითქმის ყველა ხვდება, რომ ეს არის აუცილებელი, საჭირო რეფორმა. ის კონკრეტული ნაბიჯები, რის გადადგმასაც ჩვენ რეფორმის ფორმატში ვაპირებთ მათი ჩართულობით და მონაწილეობით, არის იმ შედეგზე ორიენტირებული, რასაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესის განხორციელება ჰქვია “, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.