თამთა ჩაჩანიძე
10.11.2025

"ოცნების" მხრიდან ბრიუსელის მისამართით კრიტიკა განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ გაფართოების წლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამწვავდა. თუმცა, იმასაც დასძენენ, რომ თავად ევროკავშირის ბიუროკრატია ელაპარაკება "ქედმაღლურად", საქართველოს ხელისუფლება კი "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში რჩება.

"ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ მათ ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურთ, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა მმართველი გუნდის პასუხი იმ კრიტიკაზე, რაც ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიშში აისახა.

"ვფიქრობ, ესაა უბრალოდ მმართველი გუნდის ერთგვარი პასუხი იმ კრიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ გაჩნდა და რაც ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიშში აისახა. მმართველი პარტია ამას უბრალოდ რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა.

ნებისმიერი საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი განმეორებადობაა, ანუ, აუდიტორიისთვის ხშირ-ხშირად იმ მესიჯების მიწოდება, რაც მმართველ პარტიას სჭირდება იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკა გაამართლოს. ეს არის საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილი.

"ცალმხრივი მეგობრობის პოლიტიკა კარგა ხნის წინაა გამოცხადებული. არაერთხელ უთქვამთ, რომ მიუხედავად კრიტიკისა და ზეწოლისა, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ მთავრობა სარკისებრ ზომებს მიიღებდა, მაგალითად, ანალოგოიურ სანქციებს იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველ პირებს დაუწესებდა, ქვეყანაში არ შემოუშვებდა თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ცნიბილები არიან საქართველოს მიმართ თავიანთი მიკერძოებული პოზიციით, რომლებიც პირდაპირ "ანტიოცნებისტურ" საქმიანობას ეწევიან.

"ამით რეალურად არა მხოლოდ "ოცნებას", არამედ საქართველოსაც აზარალებენ, ეს ყველაფერი შემდეგ სახელმწიფოზე გადმოდის. იქ ხომ მარტო "ოცნებაზე" არაა ორიენტირებული პოლიტიკა, მთავარი სამიზნე სახელმწიფოა. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკა ჯერჯერობით მუშაობს, მე ვერ ვხედავ (ოცნებისგან) ტონის შერბილებას. თუ ტონის შერბილებას მივიჩნევთ იმას, რომ "ოცნება" აცხადებს, რომ ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართო, ეს ადრეც განუცხადებიათ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ კრიტიკით "ქართული ოცნება" თავის ამომრჩეველთან იმართლებს თავს.

"ევროკავშირს რეგულარულად და მუდმივად აკრიტიკებენ, მაშინ როცა რუსეთზე ჩუმად არიან და ეს თვალშისაცემია. ამით აშკარად თავის ამომრჩევლის წინაშე იმართლებენ თავს, რომ არ დაკარგონ. მათ ამომრჩეველში ჯერ კიდევაა განცდა, რომ "ოცნება" თითქოს ევროკავშირში მიდის, საქმე ისა, რომ ამას მხოლოდ თავის ამომრჩევლებში ლაპარაკობენ, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ყველას თანაბრად ექცევა - მოლდოვას, უკრაინას, ალბანეთს და აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას.

"ამ ფონზე, საქართველო ამისთანა რა გამონაკლისია, ფული არ გადაიხადა, ქრთამი არ გადაიხადა, თუ რა არ გააკეთა? ამბობენ ომში გვითრევენო და მოლდოვას რატომ არ ითრევენ, ის უკრაინასთან უფრო ახლოსაა. ანუ მათი ყველა პოზიცია ბლეფია და ამიტომ იძულებულები არიან რაღაცნაირად თავის მართლებაში იყვნენ. აშკარად ჩანს, რომ ყველა კანდიდატი წინ მიდის და მარტო საქართველო დარჩა.

"ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ეს რაღაც უბედურებაა, ასეთი ცუდი შედეგები ქვეყანას არასდროს არ ჰქონია. რაც ევროკავშირი არსებობს, არცერთ კანდიდატს არასდროს ასეთი უკუსვლა არ ჰქონია.

საქართველოს მიმართ ასეთი განსაკუთრებული მიუღებლობა რატომ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, როცა სხვა სახელმწიფოების მიმართ ნორმალური დამოკიდებულება აქვს, მოლდოვა ყველაზე კარგი მაგალითია ამისთვის, ის საქართველოს ყოველთვის ყველა პარამეტრით ჩამორჩებოდა და უცებ გაგვასწრო და 2030 წელს მართლა ევროკავშირის წვერი გახდება.

"რაკი მათი ამომრჩეველი დაჯერებულია, რომ ევროკავშირში მიდიან და ის არ იღებს, ამიტომ ყველაფერი ევროკავშირს უნდა დააბრალონ. ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ხომ არ იცის მოლდოვაში და სხვაგან რა ხდება, ამათ მართლა ჰგონიათ ეს ზღაპრები ხდება, მათი ლიდერები ევროკავშირზე მხოლოდ უარყოფით მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელთა უმრავლესობა მოგონილი და შეთითხნილია. ამ ფონზე, ქმნიან ნიადაგს, რომ თუ ევროკავშირი კრიტიკას გააგრძელებს, შეიძლება მომავალში იოლად ამოიღონ კონსტიტუციიდან ევროკავშირსა და ნატოში გაწვერიანების მუხლი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

"ოცნება"-ბრიუსელის ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ უახლოეს პერიოდში ბრიუსელსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებასა და ურთიერთობების შერბილებას არ ელოდება, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ამას არ გამორიცხავს.

"უახლოეს პერიოდში არ ველოდები, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება ეს მოხდეს იქიდან გამომდინარე თუ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა როგორ დალაგდება",- აცხადებს ანჯაფარიძე და დასძენს, რომ ამას გავიგებთ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება. მისი თქმით "ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ეს იქნება".

პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ "ოცნებასა" და ბრიუსელს შორის ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია, სანამ ის ხელისუფლებაშია.

"ვიდრე "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში ურთიერთობების დალაგება გამორიცხულია, რადგან "ოცნების" მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. ევროკავშირში წასვლას თუ მოინდომებენ, ამით დაუშვებენ ნამდვილ, რეალურ, გამჭვირვალე, თანასწორ არჩევნებს. ამასთან, უამრავი რეფორმა უნდა ჩაატარონ ისეთი, რასაც ესენი ახლა არ ახორციელებენ.

"მაგალითად, ევროკავშირს არ მოუთხოვია წულუკიანის კომისია შექმენითო, მაგრამ შექმნეს და რაღაც გააკეთეს ენმ-ს წინააღმდეგ. ევროკავშირს არ უთქვამს პოლიტიკური პარტიები აკრძალეთო, ესენი ახორციელებენ.

ევროკავშირი სამაგიეროდ ეუბნება დეოლიგარქიზაციაზე, რაც არ ხდება, ივანიშვილი ისეთივე ფორმებით მართავს სახელმწიფოს. ეუბნებიან შექმენით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა - არ აკეთებენ ამას. რასაც ევროკავშირი არ ითხოვს იმას აკეთებენ და კიდევ ბრაზობენ, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ერევიანო, გეუბნებიან არ ვერევით და თუ ევროკავშირში წამოსვლა გინდა, ჩემი პირობები უნდა შეასრულოო, თუ არ ასრულებ, არ მოდიხარ, კარგად იყავი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რას აცხადებს "ოცნება"

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელი დღეს აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

„როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს. დღეს, ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

"შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას - ანუ ხალხის მმართველობას - და, ამავე დროს, ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

"შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს და მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო.

"დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს.

"გზა ნათელია, გამოსავალი - ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა", - წერს პაპუაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×