მარიამ ვეკუა
10.11.2025

პოლიტიკური ბრძოლა ქუჩიდან სასამართლოში ინაცვლებს -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა, 10 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა. ხელისუფლება ოპოზიციის ნაბიჯს უცხოელი პარტნიორების „კარნახით" ხსნის და აანონსებს, რომ ეს საქმე სტრასბურგში გაგზავნილ „უპერსპექტივო საქმეებს" შორის აღმოჩნდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობა კითხვის ქვეშაა, ეს სამართლებრივი ბრძოლა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პოზიტიურად აისახება.

„ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების დიდი გავლენის ქვეშაა, მაგრამ, თავის მხრივ, მე ასე მგონია, რომ სამართლებრივი ბრძოლა უნდა წარიმართოს. რა თქმა უნდა მაგაზე კი არ არის ვინ გაიმარჯვებს, (რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია) თუმცა, ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც სხვა სასამართლო სტრუქტურები ობიექტურობით არ გამოირჩევიან, რბილად რომ ვთქვათ. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს არის, არა მარტო, სამართლებრივი, არამედ საინფორმაციო ხასიათის ბრძოლა, თუ „ქართულ ოცნებას" სურს, რომ „ნაცმოძრაობა" დაადანაშაულოს ტერიტორიების დაკარგვაში და ა.შ, „ნაცმოძრაობა," ამ შემთხვევაში, საპასუხო ზომებს მიმართავს" - განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძეს აზრით, ბრძოლის ამ სახეს პერსპექტივა აქვს და მას ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

„მე მგონი, რომ პერსპექტივა ის არის, რომ საზოგადოება, ვინც ნეიტრალურადაა განწყობილი, მან დაინახოს სიმართლე, რადგან „ქართული ოცნების" მომხრე ვინცაა, ის დარჩა „ოცნების" მომხრედ. და ვინც არის ოპოზიციიის მომხრე, დარჩება ოპოზიციის მომხრედ. ბევრი ადამიანია აპოლიტიკური ან რომლებსაც ვერ გადაუწყვეტია ვის დაუჭიროს მხარი, მასზე ეს სამართლებრივი ბრძოლა გავლენას მოახდენს, რომელსაც საინფორმაციო სახის ელემენტები ექნება" - ამბობს ნიკა ჩიტაძე

განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მისი აზრით, „ ქართული ოცნების" წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის" სარჩელი ბევრ გაუგებარ კითხვას ბადებს, აღნიშნავს, რომ წინასწარ იურიდიულ პერსპექტივებზე საუბარი საკმაოდ რთულია, ვინაიდან, სარჩელის დეტალები და ტექსტი ჯერ უცნობია.

„ეს ერთგვარად კონტრსარჩელია „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში და რანაირი იურიდიული პერსპექტივა ექნება, ძალიან რთულია ამის შეფასება, იქიდან გამომდინარე, რომ უცნობია ტექსტი, რა წერია შიგნით და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რა არგუმენტებზე დაყრდნობით და ა.შ."

„თუმცა აქ არის ორი გაუგებარი შეკითხვა, თუ მართლმსაჯულება მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას", მაშინ როგორ ენდობიან იმ სასამართლოს, სადაც, როგორც თვითონ აცხადებენ, სამართლიანობა არ არის. გარდა ამისა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ მიაღწიეს საწადელ ვერდიქტს, სტრასბურგში გადაინაცვლებენ, სტრასბურგში კი ვიცით, რომ არაერთი სარჩელი, რომელიც „ნაცმოძრაობის" მხრიდან შევიდა, ყველგან დამარცხებულები აღმოჩნდენენ. რასაკვირველია, ასე სწრაფად ყველაფერი არ მოხდება, დასჭირდება დრო, თუმცა, ის, რომ სასამართლოს გზით აპირებენ ბრძოლას ხელიუფლებასთან, ეს კარგია, მაგრამ, მაინც რჩება ის შთაბეჭდილება, რომ რადიკალიზმს არ მოეშვებიან ის პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ" - განაცხადა აბაშიძემ.

აიწევს თუ არა საპროტესტო მუხტი

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს „ნაცმოძრაობის" სარჩელი ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსა და საპროტესტო მუხტზე, გია აბაშიძე გვპასუხობს: „საპროტესტო მუხტს „ნაცმოძრაობისთვის" არაფერი დადებითი შედეგი არ აქვს და ბოლო პერიოდში კარგად ჩანს, რადგან თავად მათი ელექტორატი არ გამოდის ქუჩაში, ხედავენ რა ამ რადიკალიზმსა და უკანონო ქმედებებს, რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებებს, მათი კალენდრის მიხედვით მოხდება ეს ყველაფერი, თუმცაღა ხაზგასმით ვამბობ, რომ საპროტესტო მუხტი, უდიდესი ალბათობით, ვერ აიწევს, რადგან პოლიტიკურად და საზოგადოებრივად რადიკალური პარტიები არიან გაბანკნოტებულნი."

ასე არ ფიქრობს, ნიკა ჩიტაძე, იგივე კითხვაზე მოკლედ გვპასუხობს:- „დიახ, პოზიტიურად აისახება".

ჩიტაძემ, ისაუბრა, პროტესტის შეცვლილ ფორმაზეც, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბოს.

„მაგალითად, დღეს გადაადგილდებიან საპროტესტო აქციის მოანწილეები, მანამდე თუ გზას უკეტავდნენ, ამჯერად გადაადგილდებიან. ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი ისევ დგას ქუჩაში, აი, გადამწყვეტი დღეები რომ არის, მაგალითად 28 ნოემბერს. ბევრი ადამიანი შეიკრიბება, მერე 14 დეკემბერს შეიძლება ბევრი ადამიანი შეიკრიბოს, როდესაც ე. წ ინაუგურაცია გაიმართა, და ა,შ." - განაცხადა ჩიტაძემ.

სამი სარჩელი - სამი ბრძოლა

ნაცმოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

„პარტიის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ...

ამიტომ, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იმიტომ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

ჩვენ ვიწყებთ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად- პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით",- განაცხადა ენმ-დან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ხელისუფლება პარტიებს აუქმებს.

„მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც პრაქტიკულად, აუქმებს პარტიებს „ქართული ოცნება".

მესამე ეტაპი კი „ქართული ოცნების" სარჩელს შეეხება.

„მესამე ეტაპი არის საკუთრივ „ქართული ოცნების" სარჩელთან დაკავშირებით. პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და „ქართულ ოცნებასთან" ამ პოლემიკაში შესვლა. ...„ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში რუსული რეჟიმი შექმნა, მაგრამ ამ რეჟიმს სჭირდება ბრძოლა, ბრძოლა ყველა ეტაპზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე გააგრძელებს",-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მორიგი უპერსპექტივო საქმე?

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მისასალმებელია „ნაცმოძრაობა" ქუჩაში ყვირილის ნაცვლად სასამართლოს მიმართვას.

„სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.

მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს, უბრალოდ, „მათი მხრიდან სასამართლოს „გაშავების" კამპანია ემსახურება ერთადერთს, რომ საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ".

მმართველი გუნდიდან გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ სტრასბურგში ბევრი უპერსეპქტივო საქმე გაგზავნილა და ესეც ერთ-ერთი მათგანი იქნება.

„არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა. იგივე მოხდება ახლაც ამ სასამართლოსთან დაკავშირებით - აქ იქნება თუ სტრასბურგში, აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „ნაცმოძრაობას" ჩადენილი აქვს. მაგრამ აქ კიდევ ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სკანდალური თემა იკვეთება - ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა უჩივლონ „ქართულ ოცნებას", უცხოელმა მეგობრებმა უკარნახეს. ...ეს რეალობა სამწუხარო ფაქტია, თორემ სასამართლოში საქმის განხილვა უცხო არ არის და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×