
ოპოზიცია პრემიერ ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების წლისთავთან დაკავშირებოთ, 28 ნოემბერს, ახალ დიდ აქციას გეგმავს. ხელისუფლება კი ოპონენტების აქტიურობას ახალ საინფორმაციო კამპანიით ხვდება - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ერთწლიანი ანტისახელისუფლებო გამოსვლების რეალური საფუძველი არ არსებობდა, რადგან კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე თავად ევროკავშირმა გადაწყვიტა საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე თავისი ინიციატივით არ მოახდენს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ინიცირებას. საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს აღიქვა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოყვა.
ბოლო დღეებში კი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ საქართველოს ინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილება ბრიუსელში იქნა მიღებული და თანაც კობახიძის განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე. ამის მტკიცებულებად კი მოყვანილია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ 2025 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნა წერილი.
28 ნოემბრის აქცია
„ბოლომდე!" - ამ ლოზუნგით გიმართება 28 ნოემბერს პარლამენტის წინ აქცია, რომლის ორგანიზატორიც „ანტიკრიზისული პლატფორმაა". აქტივისტების შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ დაავიწყდეს, თუ რატომ და საიდან დაიწყო უწყვეტი პროტესტი, რომელიც მეტნაკლებად დღემდე გრძელდება.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 28 ნოემბრის აქცია, სავარაუდოდ, ხალხმრავალი იქნება, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენელთა საუბარი, რომ ბრიუსელმა თავადვე შეაჩერა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში, საპროტესტო მუხტზე არ იმოქმედებს,
„რა თქმა უნდა არანაირად არ იმოქმედებს, ამას არავინ არ დაიჯერებს. დღე არ გავა, რომ ხელისუფლების უმაღლესი რანგის თითქმის ყველა წარმომადგენელმა, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერებმა, არ აგინონ ევროპას, ევროკავშირს, ევროპულ ბიუროკრატიას, „დიფ სტეიტს"... ყოველ დღე ამას იძახიან და ვინ დაიჯერებს?
„(28 ნოემბერს აქციაზე) ხელისუფლების დამხობას არ ველოდები, მაგრამ ბევრ ხალხს ველოდები",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შეიძლება ხალხის რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება.
„დიდად არაფერს არ ველოდები. აქციების მეთოდმა მოსახლეობის დიდ ნაწილში დისკრედიტაცია განიცადა იმ მხრივ, რომ შედეგი არაფერი აქვს და აქციების სერიები ღამის რეჟიმში გრძელდება. მეეჭვება, რომ უკმაყოფილო მოსახლეობაც კი ამ აქციაზე დადგეს ყველა უკლებლივ. მათ იმის მოლოდინი არ ექნებათ, რომ აქცია რამეს შეცვლის. რა თქმა უნდა, შეიძლება რაოდენობამ ცოტა მოიმატოს, თუმცა ამით პოლიტიკა არ იქმნება.
„რაც ეს (28 ნოემბრის) განცხადება გაკეთდა, მას მერე თვითონ ხელისუფლების მხრიდან ბევრი რამ ამოქმედდა. პრინციპში, ოპოზიცია უცხოეთიდან წამოსული დაკვეთით რომ მოქმედებდა, ეს გახადა უფრო ცხადი ხელისუფლების საინფორმაციო კამპანიამ. თუ დავაკვირდებით, ამის მერე იყო, რომ აქციებზე ხალხის რაოდენობამ იკლო.
„ეს კამპანიაც იმოქმედებს 28 ნოემბრის მუხტზე, რადგან, ფაქტიურად, ჯდება იმ რიტორიკაში, რაც ამ ხნის განმავლობაში იყო და ხალხს არ მისცემს იმის იმპულსს, რომ ადგნენ და გაურკვეველი პროტესტი გამოხატონ. გაურკვეველი იმიტომ, რომ თვითნ ევროპული წარმომადგენლობისთვისაც გარკვეული არაა, საუბრების შეწყვეტის ინიციატორი კობახიძე იყო, თუ თვითონ ევროკავშირი", - განაცხადა საყვარელიძემ.
ჰერჩინსკის წერილი
„რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით". მათივე ცნობით, ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია".
როგორც საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს წერილი ფაქტიურად იმის აღიარებაა, რომ თავად ევროკავშირმა ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ბევრად ადრე შეაჩერა გაერთიანებაში საქართველოს ინტეგრაცია.
„დადასტურდა, რომ ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი - (პაველ ჰერჩინსკის) ამ წერილში თავადვე დაადასტურა ბრიუსელმა, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი დახარჯული თანხების გასაჯაროება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ამ მოსაზრებას „ოცნების" ხელისუფლებისადმი შედარებით ლოიალურ ოპოზიციაშიც კი არადამაჯერებლად მიიჩნევენ. „გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების" ეს პოზიცია გათვლილია იმ ხალხზე, „ვინც ან ინგლისური არ იცის, ან არც წაუკითხავს წერილი. წერილში წერია, რომ ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, რომ „ქართულ ოცნებას" ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოესწორებინა". მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება „ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია.
ჰერჩინსკის წერილის „ოცნებისეულ" ინტერპრეტაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა „საინფორმაციო პროპაგანდა ხელისუფლების მხრიდან" და „ფაქტებიდან ყურადრების გადატანის მცდელობა". მისი თქმით, 2024 წლის ივნისის ევროკომისიის დასკვნა „კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და ასრულებდა პირველ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მათ შეეცალათ აღებული კურსი".
დამაჯერებელია თუ არა „ოცნების" ვერსია
დავით ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ ხელისუფლების ახალი კამპანია დამაჯერებელი არ არის, რადგან ერთი წლის წინ თავად პრემიერმა გამოაცხადა ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და თქვა, რომ ამით „ევროკავშირს დაასწრეს".
„ერთი წუთით რომ დავიჯეროთ, გამოდის, რომ კობახიძემ მოგვატყუა და ხალხი ტყუილა უბრალოდ გადარია. თვითონ პრემიერმა გამოაცხადა, რომ „ვაჩერებთ ამ პროცესსო" და მერე დაამატა კიდეც - „ისინი აპირებდნენ და ჩვენ დავასწარითო". ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს.
„ეს რას ემსახურება, არ ვიცი. ეტყობა შიგნით მაინც ფიქრობენ, რომ მთლად ანტიევროპელად გამოჩენა არ აწყობთ. ვფიქრობ, არაბებს და ჩინელებს რომ ელაპარაკნენ, იქ მიახვედრებდნენ, რომ საქართველო მათთვის საინტერესოა, როგორც ევროპაში გამავალი სატრანზიტო გზა და თუ ევროპისგან სანქცირებული, მოძულებული ხარ და გზა ჩაგიკეტა, საერთოდ არ აინტერესებთ არაბებს აქ არაფერი და არც ჩინელებს. ამიტომ გადაწყვიტეს თქვან - „რა ვქნათ, ჩვენ კი გვინდა, მაგრამ ისინი წინააღმდეგი არიანო", მაგრამ ფაქტებს სად გავექცევით...
„რაც მაგალითად მოჰყავთ - ჰერჩინსკის განცხადება - ისედაც ცნობილი იყო და არაფერი სიახლე არაა. ეს საიდუმლო წერილი არ ყოფილა და თავის დროზეც გამოქვეყნდა. ევროკავშირში გაწევრიანებას თავისი პირობები აქვს, ეს ყველა ქვეყნის მიმართა ასეა და მერე, თუ იმ პირობებს არ ასრულებ, გეტყვის - არ ასრულებო" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რამაზ საყვარელიძე კი „ოცნების" განცხადებებს დამაჯერებლად მიიჩნევს.
„დამაჯერებელია, მინიმუმ ელჩს უნდა ვენდოთ. თან მაშინაც იყო ნათქვამი, რომ შეჩერებულია 2030 წლამდეო", - განაცხადა საყვარელიძემ.
დამატებით კითხვაზე, მაშინ კობახიძემ რატომ არ აღნიშნა ეს 28 ნოემბრის განცხადებაში, საყვარელიძემ გვითხრა:
„კობახიძემაც მერე უკვე კომენტარებში მიაყოლა. სიმართლე გითხრათ, არ ვმსჯელობ ხოლმე იმით, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ლოგიკით ვცდილობ გავიდე. ევროკავშირს პროცესების დაჩქარება არ აწყობდა, მისითვის ამის გადადება ლოგიკური იყო. გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსი რა გაჭირვებით მოგვანიჭეს და წევრობაზე ლაპარაკი იმ ფონზე, როცა უკრაინის ომში მსოფლიოა ჩაბმული და მისი შედეგები გაურკვეველია. გაწევრიანების დაჩქარება გაუგებარი იქნებოდა, რადგან ამას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლებოდა ევროკავშირში. ამ გაუგებარი სიტუაციის ლოგიკიდან, ევროკავშირის მხრიდან გადავადება ბუნებრივი და მოსალოდნელია. კობახიძის ნათქვამებს რომ თავი დავანებოთ, შექმნილი სიტუაცია გვკარნახობს, რომ ევროკავშირს პროცესების დაჩაქრების სურვილი არ უნდა ჰქონოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.