
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
გუშინ, 2025 წლის 7 ნოემბერს, ჩვენმა თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირი, ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, „კრისტალ ჯგუფის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის, დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.