
ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას, თუმცა საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟის და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმეზე.
„ის, რომ ეს ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები, სინამდვილეში, რადიკალური და რეაქციული, ანტიქართული აგენტურული ძალების წარმომადგენლები, წლების განმავლობაში საბოტაჟს უწყობდნენ თავის ქვეყანას, უცხო ძალებს აწვდიდნენ ინფორმაციას, ხდებოდა პირდაპირ სააშკარაოზე იმის თქმა, რომ მათ სურთ საქართველო ჩართონ სხვადასხვა რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა დაუძლეველ პრობლემატიკაში, ეს ყველაფერი ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის. ამიტომ, ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას, თუმცა, საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟის და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები, „ქრონიკამ“ გუშინ მოიპოვა, რითაც დასტურდება, რომ რადიკალებს ქვეყნის საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები უცხოეთში გაჰქონდათ. ასევე, ორგანიზებული და მართული იყო აქციები.