ნატალია ჯვარიძე
08.11.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურის შუამდგომლობით, თითო მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. დანარჩენი ოპოზოციონერები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან. რა სავარაუდო პრინციპით იქნა გადაწყვეტილება მიღებული?

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გირაოს გადახდელად 30 დღე აქვთ. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, მათი წინასასამართლო სხდომა მხოლოდ 25 დეკემბერს გაიმართება.

გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს - საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ამასთან, ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს ჩანაწერს, სადაც, მათი ინფორმაციით, ამ საქმის ფიგურანტების საუბარი ისმის. ამავე წყაროს მტკიცებით, ჩანაწერში ზურაბ ჯაფარიძე ირანული დრონების შესახებ საუბრობს.

„უკრაინელებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და, ხშირ შემთხვევაში, უკრაინელების მხრიდან მომავალ რაღაც მორალურ წნეხს ვერ უძლებენ და ამის გამო რაღაცები გადის. თუმცა რაც თქვეს ჩვენთან, რაც აინტერესებდათ, იყო ირანული დრონების ამბავი. ეს ირანული დრონები ახლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება, საქართველოზე გადაფრენით შევიდა ირანიდან რუსეთში დრონები. თვითონ ახსენეს ეს ამბავი, რომ ამაზე დამატებით ინფორმაციები თუ მოვიძიეთ, თუ დადასტურდა, ეგეთი რაღაც არისო, შეიძლება, საფუძველი გახდეს ევროკავშირის შიგნით კონსენსუსის, რომ სანქციები გამოვიყენოთო", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე ჩანაწერში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით, „ლელოს" ლიდერები ციხეს იმიტომ გადაურჩნენ, რომ „ლელომ" არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ბოიკოტის მომხრეებს კი სჯიან.

„ხელისუფლებას სურს ჯაფარიძე და ხაზარაძე ფინანსურად გაანადგუროს და სხვებისგან განსხვავებით, ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობა დაუფასოს. ანუ რადგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, მათ არ დააპატიმრებენ, თუმცა მილიონი ლარი მაინც უნდა მოითხოვონ. მათ კი, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა, სჯიან", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს პეტრე მამრაძის შეფასებით კი, განსხვავება მხოლოდ დანაშაულებების რიცხვსა და სიმძიმეშია.

„ხაზარაძე-ჯაფარიძის გარდა ვინც ციხეშია, ყველა არის სააკაშვილის რეჟიმის ფიგურები. მოგეხსენებათ, სააკაშვილის რეჟიმი ძალადობასა და ტყუილზე იყო დაფუძნებული და ეს ადამიანები ამაში იყვნენ გარეული. რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს, ისინი უბრალოდ პოლიტიკური თაღლითები არიან. მთელს საქართველოში სახელი ჰქონდათ გათქმული, როგორც ფინანსურ თაღლითებს და რასაკვირველია, დანაშაულებები ჩაიდინეს. თუმცაღა არსებობს გარკვეული სხვაობები. პროკურატურა მუშაობს - აგროვებს მასალებს, მტკიცებულებებს და როგორც ჩანს, მათ იმდენი არ აქვთ ჩადენილი, რაც დანარჩენ ოპოზიციონერებს. ასე რომ, განსხვავება დანაშაულის რაოდენობასა და სიმძიმეშია", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×