
მალე მაყურებელი სერიალ „ცხელი ძაღლის“ გაგრძელებას იხილავს. როგორც „პირველი არხის“ გადაცემა „ახალი დღიდან“ ხდება ცნობილი, სერიალის გაგრძელებას უამრავი ადამიანი ითხოვდა.
„არის შექმნილი ჯგუფი, რომელშიც 130 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. სერიალის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, ამხელა ფანკლუბის არსებობა“, - აღნიშნა პროდიუსერი კოტე ჯორბენაძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე არ საჯაროვდება არც სერიალის რეჟისორი და არც პლატფორმა, სადაც მაყურებელს მისი ხილვა შეეძლება.
„მალე ყველაფერს გაიგებთ და ყველაფერი ცნობილი გახდება“, – ამბობს პროდიუსერი.
გიორგი ყიფშიძე, „ცხელი ძაღლის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ამბობს, რომ სერიალი, ფაქტობრივად, მისი შვილობილია.
„23 წელი გავიდა, სერიალს რომ ვუყურებ, ვერ ვცნობ ჩემ თავს. ძალიან კარგად მახსენდება სერიალზე მუშაობა. არაჩვეულებრივ პროფესიონალებთან ერთად ვთამაშობდი. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ბატონი ჟანრისგან, ყველასგან, ძალიან გამიხარდა, როდესაც მითხრეს, რომ სერიალი გრძელდებოდა“, – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.