
პრემიერის შეფასებით, პეკინთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, სტრატეგიული პარტნიორობა, რაც „გვეხმარება დაკავშირებადობის განვითარებაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
„დაწყებული იმით, რომ ჩინელები არიან მსოფლიოს ერთ-ერთი ფლაგმანი მშენებლობის საქმეში, მათმა მშენებლებმა საქართველოშიც ბევრი ააშენეს. ბევრს ახლა აღარც ახსოვს იმ ძალიან რთულ 90-იან წლებში, როცა პანკისის ხეობაში ცხვირს ვერავინ ყოფდა, ხადორჰესი ააშენეს და უკან არ დაიხიეს. ეს ჯერ კიდევ მაშინ და ახლა სულ სხვა დონეზე ავიდა, უახლესი ტექნოლოგიები ისე აქვთ განვითარებული, რომ ბევრი მიმართულებით ფლაგმანი არიან.
„ჩვენ სატრანსპორტო ჰაბი ვართ, ჩინელები კი სატრანსპორტო ჰაბებით უაღრესად არიან დაინტერესებულები. ევროპაში ძირითადი სატრანსპორტო და საზღვაო ჰაბები ჩინეთის ხელშია, როგორც წესი, დიდ პროცენტებს ფლობენ - 50%-ზე მეტს. ევროპელი ექსპერტები ხმელთაშუა ზღვას კარგა ხანია ჩინეთის ტბას ეძახიან. ანაკლიის პორტშიც გარკვეული პროცესები სწორედ მას შემდეგ დაიძრა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს და ამის შემდეგ გაბედა ბელგიურმა ფირმამაც, თორემ რუსეთის ფაქტორის გამო ვერ ბედავდნენ.
„ჩინეთი საქართველოს ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელზედაც რუსეთი ვერაფერს კრიტიკულს ვერ იტყვის. ამერიკელები წლების განმავლობაში იმიტომ ვერ შემოდიოდნენ, რომ ეს რუსეთს აღიზიანებდა, ჩინელებს კი ეს ფაქტორი საერთოდ არა აქვს - რუსეთი ვერ გაღიზიანდება ჩინეთზე, ისეთი ურთიერთობა აქვთ. ასე რომ, ეს ნამდვილი გამოსავალია. დღეს, როცა აშშ-ში ძალიან რთული პროცესები მიდის, მათ შორის ჰიპერინფლაცია და სახელმწიფო ვალის ზრდაა 10 თვეში 2 ტრილიონი დოლარით, ეს არის გზა კოლაფსისაკენ და ამ ფონზე რომ საქართველოს ამხელა სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, ეს ძალიან ღირებულია პოლიტიკურად, თუ ეკონომიკურად.
„პოლიტიკურად უაღრესად ღირებულია - ჩინეთის ცნობილი პრინციპია და ეს შარლ მიშელმაც თქვა, როცა თანამდებობიდან მიდიოდა, ევროგაერთიანების ჩვენ, ლიდერები ყველას ჭკუას ვასწავლით, თითს ვუქნევთ, დავალებებს ვაძლევთ, რეალურად კი ეკონომიკურად და ფინანსურად არ ვეხმარებითო. აი, ჩინეთი როცა შედის ქვეყანაში, სრულიად არ ერევა შიდა საქმეებში, სამაგიერიდ ეკონომიკურ-ფინანსური ჩართულობა სახეზეა, რაც ქვეყნებს მოსწონთო. ეს ნამდვილად ასეა, ჩინეთი სანდო პარტნიორია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში პრენეტზია არ აქვს და არასოდეს არ დახარჯავს ფულს, რომ რეჟიმი შეცვალოს, ან ხელოვნური პროტესტები მოაწყოს. ეს გამორიცხულია, ურთიერთმომგებიანი, საქმიანი ურთიერთობა კი სრულიად მისაღებია. ამიტომაც ძალიან კარგი არჩევანია, ამას შევარდნაძე ცდილობდა, მაგრამ მაშინ ეს მასშტაბი არ გამოვიდა", - განაცხადა მან.
კითხვაზე, ხომ არ შეგვიშლის ხელს ჩინეთთან პარტნიორობის განსაკუთრებული გაღრმავება აშშ-სთან ურთიერთობაში და რამდენად ურთიერთთანხმობაში მოდის ეს ორი საკითხი, მამრაძემ გვითხრა:
„ვერანაირად ვერ შეგვიშლის. თუნდაც ის, რომ სი ძინპინი ტრამპს შეხვდა და ელაპარაკებოდა ეკონომიკურად ძლიერი ლიდერის პოზიციიდან, ტრამპი კი პირიქითაა. სწორედ მის ხელში გაიზარდა სახელმწიფო ვალი კატარსტროფულად, ჩინეთმა კი ამასობაში ოქროს რესურსი რვაჯერ გაზარდა, რაც არნახული ციფრია, ახლა 40 ათასი ტონა ოქრო აქვს დაგროვებული ჩინეთში და ეს რა თქმა უნდა, იუანის სრულ გამყარებას იწვევს.
„ასევე სრული მონოპოლია აქვთ იშვიათ ლითონებზე, რაც აშშ-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. (აშშ-ს ხაზინის მდივანმა) სკოტ ბესენტმა თქვა, ჩვენ ტარიფებს ვხსნით და იმედი გვაქვს, ჩინეთი ზოგიერთ საქმეში გაითვალისწინებსო. გაითვალისწინეს, ამის საპასუხოდ სოიოს შევიძენთო. ტრამპს ფერმერების მასობრივი გამოსვლები ჰქონდა, რომლებმაც ვეღარ გაყიდეს სოიო და კოტრდებოდნენ. ფერმერები - ეს ის სოციალური ბაზაა, ვინც 100%-ით ტრამპს მისცა ხმა. ახლა ეს 100% ფეხზე დადგა და ტრამპის გადაყენებას ითხოვდა, ჩინეთმა ეს გაუკეთა.
„ცენტრების ხვედრითი წონა შეიცვალა. კი ბატონო, ამერიკა სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია დღესაც კი, ტრამპმა ეს კიდევაც თქვა, მაგრამ ამით ამერიკა რას მიიღებს? არაფერს. ეს უბრალოდ ტრაბახია, ჩინეთი კი პროგნოზირებადია. ჯერ ბაიდენის დროს რაც მოხდა და მერე ტრამპის, ესაა არაპროგნიზირებადობა და არასანდოობა ამერიკის ადმინისტრაციის მოქმედების მიმართ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უვიზო რეჟიმი ეხმარება საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს ჩვენი ხედვაა და გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში.
„ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ირანს რაც შეეხება, ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მაგრამ ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ირანთან და ასეთია ამჟამინდელი სიტუაცია. იგივეა სხვა ქვეყნებთანაც - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველა სხვა მეზობელ სახელმწიფოსთან, რომლებსაც იგივე პოზიცია აქვთ, ისინიც ცდილობენ, განავითარონ პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.
„კიდევ ერთხელ, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.