
ფულის დახურდავების უარის თქმის გამო დაწყებული ჩხუბი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. სასამარლოზე გაჟღერდა, რომ მის მიმართ ფსიქიატრული ექსპერტიზაა ჩანიშნული, რაზეც გიორგობიანმა თქვა, რომ „გიჟი არ არის და 30 წელია ნარკოტიკებს მოიხმარს".
„სპარის" ერთ-ერთ მარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანის საქმის პროკურორის, გიორგი დოლაკიძის განცხადებით, გიორგობიანის მხრიდან ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.
პროკურორის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ, ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში, გიორგობიანი მაღაზიის კონსულტანტებს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მიმართავს, სადაც მათი მისამართით გარკვეული ფრაზები ისმის.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით.
„მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამავდროულად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელი სახლის სარდაფში ინახავდა 2 ცალ „კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - 110 ცალ ვაზნას, რაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად 5 ნოემბერს ამოიღეს. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მანანა გიორგობიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს გაიმართება.
თავად ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გიჟი არ არის და 30 წელია ნარკოტიკებს მოიხმარს. ეს მას შემდეგ თქვა, რაც ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგობიანის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული.
„არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუებით. არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე.. მითხრეს, ღვთის მადლია შენზეო, ბიპოლარული აშლილობა არ მაქვს, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია", - განაცხადა გიორგობიანმა.
მას მოსამართლემ ჰკითხა, თუ რატომ მოიხმარს ნარკოტიკს.
„მომწონს და იმიტომ," - უპასუხა მას გიორგობიანმა და განაგრძო:
„ამფეტამინი გადავაგდე ახლახან. ფსიქოტროპული მოქმედებს ჩემზე ცუდად, შვილის პანაშვიდზე გამიკეთეს და ფსიქიატრიულში მომათავსეს. ჩემზე ნარკოტიკი ვერ მოქმედებს. გიჟი არ ვარ და ნურავინ გამოიყენებს ამას", - განაცხადა გიორგობიანმა.
ამასთან, გიორგობიანმა მასთან ერთად დაკავებული ბიჭები და მისი სტუმრები მოიკითხა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი ჩაეკითხა, სტუმრებში ვის გულისხმობდა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ მის ნათესავებზე საუბრობდა.
მოსამართლემ მას განუმარტა, რომ სხდომაზე შემოსვლას ის არავის უზღუდავს.
მოსამართლის მიერ ბრალდების შინაარსის განმარტებისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ციხის არ ეშინია.
„10 წელი ლოგინში ვიწექი, შვილი რომ მომიკვდა, 10 წელი არ ავმდგარვარ და ციხის შემეშინდება?" - განაცხადა გიორგობიანმა.
მოსამართლის კითხვას, მხარეებს ერთმანეთის აცილება ხომ არ აქვთ, გიორგობიანმა უარყოფითი პასუხი გასცა, განაცხადა, რომ თანახმა იყო მისი ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი და პროკურორი გიორგი დოლაკიძე იყოს.
„ამისთანა სიმპათიურ ბიჭზე როგორ ვიტყვი უარს",- განაცხადა გიორგობიანმა პროკურორზე.
მოსამართლის კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ის, ასე უპასუხა: „ბიზნესმენი ვარ, ბიძინაზე მდიდარი."
კითხვაზე, მის მიმართ დაკავების მომენტში ან შემდეგ, რამე უფლების დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მან უპახუხა, რომ „მისი პოლიცია კარგად ექცეოდა".
დაკავებულის ადვოკატის, ლევან მარსაგიშვილის ინფორმაციით, გიორგობიანის მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამასთან, ადვოკატის თქმითვე, გიორგობიანი დაკავების შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სწორედ იქიდან მოხდა მისი სასამართლოში ეტაპირება.