საქმეში ორივე მხრიდან ყველაზე ელიტური საბრძოლო შენაერთებია ჩართული
ნატალია ჯვარიძე
07.11.2025

უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ვითარება ისევ კრიტიკულია. რუსული და უკრაინული წყაროები მდგომარეობას დიამეტრულად აფასებენ. რუსები საუბრობენ, რომ პოკროვსკისთვის ბრძოლა კულმინაციას უახლოვდება, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ და დონბასის ორი დარჩენილი ქალაქი - სლოვიანსკი და კრტამატორსკი აიღონ. უკრაინული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი მტრის ათასობით ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა გაანადგურეს.

არანაკლებ რთულია მდგომარეობა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკთან, რომელშიც უკრაინული ჯარების რამდნეიმეათასიანი გარნიზონი ასევე ალყაშემორტყმის საფრთხის წინაშე დგას.

მიუხედავად კრიტიკული სიტუაციისა, როცა ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდებს, ჯარებს უკანდახევის ნება დართოს, ეს უკანასკნელი კატეგორიულ უარზეა. რაც დრო გადის, ალყის ალბათობა და რისკები იზრდება, ისევე როგორც მსხვერპლი, თუმცა, როგორც ჩანს, კიევს ამ ბრძოლების ბედის შემოტრიალების იმედი ჯერ არ დაუკარგავს. საქმეში ორივე მხრიდან ყველაზე ელიტური საბრძოლო შენაერთებია ჩართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ბრძოლების სტრატეგიულ მნიშვნელობას.

რუსული ოპოზიციური გამოცემა „მედუზა" წერს, რომ ალყა ტანდათან იკვრება და ორ რუსულ ფლანგს შორის მანძილი, სადაც უკრინელებს ჯერ კიდევ შეუზლიათ გამოღწევა, 5 კილომეტრამდეა შემცირებული. ორიოდე დღის წინ ის 7 კილომეტრიანი იყო.

პოკროვსკის ბრძოლა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების სადესანტო თვითმფრინავებმა ქალაქში შეაღწიეს, თუმცა ახლა დიდი ძალები რამდენიმე მიმართულებით არიან შესულები. გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით, რუსული ჯარები პოკროვსკის ყველა რაიონში პოზიციებს იკავებენ. ჩრდილოეთით მათ მიაღწიეს მაღალსართულიანი შენობების უბანს, რომელიც მეზობელ მირნოგრადში მდებარე უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონის მატერიკთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას გადაჰყურებს.

ჩრდილოეთიდან ამ გზაზე (მირნოგრადი-გრიშინო) მიღწევას კიდევ ერთი რუსული ჯგუფი ცდილობს. მათსა და პოკროვსკში მყოფ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოწინავე დანაყოფებს შორის დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგანის თავისუფალი ზონა რჩება, საიდანაც უკრაინელებს გაღწევა ჯერ კიდევ შეუძლიათ. თუმცა ალყაში მოქცევის საფრთხისა და მირნოგრადის გარნიზონის მომარაგების აშკარა სირთულეების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ჯერ კიდევ (ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად) არ გეგმავს ჯარების გაყვანას და გვპირდება სიტუაციის სტაბილიზაციას კონტრშეტევებით.

არანაკლებ კრიტიკული სიტუაციაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუპიანსკში, რომელიც პოკროვსკიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული. რუსულმა ჯარებმა ქალაქის დასავლეთი ნაწილის უმეტესი ნაწილი დაიკავეს და მდინარე ოსკოლზე გადასასვლელებს მიაღწიეს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პლაცდარმის მომარაგებისთვის იყენებდნენ. მართალია, ალყა პირდაპირი გაგებით არ არის, თუმცა მარყუჟი სულ უფრო ვიწროვბდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ მდინარე ოსკოლზე გადასასვლელებს მეზობელ კუპიანსკ-უზლოვიში, თუმცა რუსეთის ჯარები ცდილობენ ამ ქალაქში აღმოსავლეთიდან გარღვევას; აქაც მათ გადასასვლელებამდე დაახლოებით ხუთი კილომეტრი აქვთ გასავლელი.

ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტის" ცნობით, პოკროვსკის დაკარგვა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც ხელშესახები დარტყმა იქნება. გარდა ამისა, ეს ქალაქი შეიძლება რუსეთისთვის შემდგომი წინსვლის პლაცდარმად იქცეს.

„ტაიფუნის" დანაყოფის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთი პოკროვსკის სულ მცირე 60%-ს აკონტროლებს. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი სადავოა, ანუ ე.წ. „ნაცრისფერი ზონა".

ამავდროულად, უკრაინის დაზვერვის ჟურნალისტური წყარო ამტკიცებს, რომ ბალანსი „არა იმდენად ჰორიზონტალურ გეოგრაფიაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ვერტიკალურ დომინირებაზე":

გამოცემა წერს, რომ მეზობელ მირნოგრადში სიტუაცია ბევრად უკეთესი არ არის. იქ უკრაინელი ჯარისკაცების ალყაში მოქცევის რისკი კიდევ უფრო მაღალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×