რეზონანსი
06.11.2025

 წარსულში გაკეთებული განცხადებები ხელისუფლების ოპონენტებს დღეს საკანონმდებლო ორგანოდან შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მათივე ქმედებით არის განპირობებული და მტკიცებულებებით გამყარებული.

არც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან ადრესატები და არც მტკიცებულებების გაცნობას. დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურს უწოდებენ ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია, რომლებმაც განცხადებები ციხიდან გაავრცელეს.

ელენე ხოშტარია ადასტურებს და წერს რომ : "დიახ, "რუსული ოცნების" სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ, ოღონდ ერთი შეგეშალათ: ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ". ნიკა გვარამია კი "ქართულ ოცნებას" საპატიმროდან იქეთ დაემუქრა - "გაგასაბოტაჟებთ" - დაწერა "ახალის" ლიდერმა.

წერილი კლინიკა "ვივმედიდან" გამოაქვეყნა მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმაც. მიხეილ სააკაშვილიც არ უარყოფს, რომ მის მეგობრებს დასავლეთში მოუწოდებდა სანქცირებისკენ და კვლავაც მოუწოდებს.

facebook სტატუსების გარდა, დღის განმავლობაში პატიმარი ოპოზიციონერების პარტიებში საგანგებო ბრიფინგებიც გაიმართა. ყველამ მხოლოდ ბრძოლის გაგრძელება დააანონსა.

ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობენ "ლელოშიც", რომელთა ლიდერების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

"ლელოში" ამტკიცებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალი უსაფუძვლოა.

ოპოზიციისთვის უსაფუძვლო ბრალი მმართველი გუნდისთვის მტკიცებულებებით გამყარებულია. "ქართულმა ოცნებამ" დღეს ოპონენტებს მათ მიერვე გაკეთებული ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებიც შეახსენა. საპარლამენტო ჯგუფ "ხალხის ძალაში" კი თქვეს, რომ ის დანაშაულები, რომლებზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა, საჯარო და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია.

პროკურატურამ ოპოზიციის 8 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დღეს განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×