რეზონანსი
06.11.2025

 საინტერესო და ნაყოფიერი - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩინელ მასპინძელთან შეხვედრა იყო. საქართველოს დელეგაცია შანხაიში, სწორედ ჩინეთის პრემიერის - ლი ციანის მიწვევით ჩავიდა. საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა საქართველომ, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო.

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრის შესაძლებლობა ირაკლი კობახიძეს, შანხაის მერთან შეხვედრის დროსაც ჰქონდა. მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებიც. სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება. საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარება, რაც ერთი მხრივ ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, მეორეს მხრივ კი საქართველოდან ჩინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს.

ვიზიტი დასრულდა, თუმცა 10 ნოემბრის ჩათვლით, შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაგრძელდება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. საგამოფენო სივრცეში საქართველო, სამი პავილიონით არის წარმოდგენილი. 40-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს გამოფენის სტუმრებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ და საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით, ახალი კონტაქტები დაამყარონ.

ქართული საგამოფენო სივრცეები ვიზიტორებს, საქართველოს მრავალფეროვან ისტორიას და კულტურას, დამწერლობას, ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს, ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს აცნობს. პავილიონებში ასევე მოწყობილია გასტრონომიული კუთხე, სადაც ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები იმართება. ქართული საგამოფენო სივრცეები, დელეგაციის წევრებთან ერთად მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×