
საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმების შეზღუდვა გაბერილი შტატების შემცირებას გამოიწვევს. მოჰყვება თუ არა ამას ხელფასების ზრდა, სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად ფასდება და მწვავე კრიტიკასთან ერთად, დადებითი გამოხმაურებაც საკმარისადაა.
1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ, თუმცა შესაბამისის დადგენილებით უკვე შეიქმნა ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.
„შეუძლებელია 8 საათი ორ ან სამ სხვადასხვა სამსახურში იმუშაო, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს - თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის შემოსავალი, ამისათვის უნდა გავზარდოთ ანაზღაურება,“ - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნულ ცვლილებებს.
ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ეს არის მცდელობა, რომ მაქსიმალურად დარეგულირდეს ქვეყანაში არსებული შრომითი ბაზარი და და ეფექტურად იქნას გამოყენებული, რაც არსებულ მდგომარეოიბას გააუმჯობესებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან" თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ ისაუბრა.
აკრძალვას კონკრეტულად რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ეკონომისტი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს და დასძენს, რომ გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, რათა შრომის ბაზრის რეაქცია გამოიკვეთოს და შედეგი თვალსაჩინო გახდეს.
,,საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის დაწესებული შეზღუდვა ამ შემთხვევაში არის მცდელობა, რომ მაქსიმალურად დარეგულირდეს ქვეყანაში არსებული შრომის ბაზარი და რესურსი და ეფექტურად იქნას გამოყენებული. დანარჩენს დრო აჩვენებს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ განხორციელდება შტატების ოპტიმიზაცია. თუ იქნება ნება, ყოველთვის გამოინახება შესაბამისი გზა კადრების შემჭიდროებისთვის. პანდემიამ ამის შესაძლებლობა თვალნათლივ დაგვანახა.
არ ვიცი, ახალი გადაწყვეტილება გამოიწვევს თუ არა უკმაყოფილებას საჯარო სექტორში დასაქმებულების მხრიდან, გააჩნია, როგორი იქნება ადამიანების კონკრეტული ხედვა და დამოკიდებულება პრობლემისადმი. ვფიქრობ, გასაბრაზებელი არაფერია. არ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილებაშრომის ბაზარზე სიტუაციას სერიოზულად შეცვლის.
ჯერ რთული სათქმელია, მოჰყვება თუ არა ამ ყველაფერს ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში. მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ იქნება შრომის ბაზრის რეაქცია. გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, რათა შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს, ჯერ ნაადრევია ამაზე მსჯელობა", - აღნიშნა ღაღანიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
სპეციალისტების ერთი ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ ხელოვნურად გაბერილი შტატები შეიკვეცება. სოციოლოგი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, კონკრეტულ პოზიციებზე საქმის რეალურად გამკეთებელი ადამიანი დარჩება.
„ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი ირიცხებოდა რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში პრობლემა იყო იმ უფლებამოსილების შესრულება, რომელიც დაკისრებული აქვს ამა თუ იმ საჯარო მოხელეს. ამისათვის 40-საათიანი სამუშაო კვირა არის განსაზღვრული.
აქ საკითხი დგება ასე, თუ ადამიანი 2-3 ადგილას არის დასაქმებული, როგორი კეთილსინდისიერებით ასრულებს ის დაკისრებულ მოვალეობას? ხომ არ არის ხშირი შემთხვევა, როდესაც სხვას გადააბარებს საკუთარ საქმეს, თხოვნით ან დაპირებით და თავად იღებს ანაზღაურებას?" - აღნიშნა აროშიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.
მისივე შეფასებით, დაახლოებით, 1 თვეში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როცა რეალურად მოხდება გარკვეული საქმიანობის გამიჯვნა, ნებართვებიდან გამომდინარე და უკეთესობისკენაც კი წავა სიტუაცია.
,,ვფიქრობ, საქმის რეალური გამკეთებელი ადამიანი დარჩება კონკრეტულ ადგილზე. საკუთარი გამოცილებით გეტყვით, კერძო სტრუქტურაში რამდენიმე ადგილას დასაქმების დროს, როდესაც ადამიანი 2-3 ადგილას მუშაობს, ის ე.წ. გადარბენაზეა და შედეგად, ისეთი ეფექტიანობით ვერ ასრულებს სამუშაოს, როგორც ერთ ადგილზე მიმაგრებული თანამშრომელი. თუ საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ზრდა ყოველ წელს გაგრძელდება, ეს იქნება იმის მაკომპენსირებელი, რაც მეორე სამსახურის ანაზღაურებიდან გამომდინარეობდა. საბოლოო ჯამში, კონტროლისა და მოწესრიგების კუთხით ექნება დიდი ეფექტი“, - განაცხადა აროშიძემ.
ეკონომისტებისგან განსხვავებით, კრიტიკული პოზიცია აქვთ იურისტებს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს კანონი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სულ ცოტა ხნის წინ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა გამოხატა:
,,ეს ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის პარალელური დასაქმების შესაძლებლობას ზღუდავს. ამ ცვლილებებს ვრცელი შინაარსი აქვს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები:
საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით შეეძლება. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1-წლიანი ვადა აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამისთვისაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით;
საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) შეუძლია პარალელურად დასაქმდეს კერძო სექტროში მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1-წლიანი ვადა აქვს;
საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტროში. გამონაკლისია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით (ლინკს კომენტაში დავდებ) განსაზღვრულ ჩამონათვალში თუა ეს საქმიანობა და თუ დირექტორი გასცემს თახმობას პარალელურ დასაქმებაზე. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1-წლიანი ვადა აქვს;
თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი ამ წესებს არღვევს, გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან და 2 წლის განმავლობაში აეკრძალება მუშაობა საჯარო სამსახურში.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ წესების დარღვევისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულების სასარგებლოდ, 1-ლი ნოემბრის შემდეგ მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით", - აღნიშნა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, პირველი ნოემბრიდან, ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება.
ცვლილებები შეეხება საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებს და მოიცავს სასანქციო მექანიზმებსაც.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობას დაიკავებს, ვალდებულება ექნება დატოვოს ყველა პოზიცია და ორი წლის განმავლობაში ჩამოშორდეს საჯარო სექტორში საქმიანობას. გარდა ამისა, ის ვალდებული იქნება, მიღებული ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს.
ამავე პაკეტში შესული ცვლილებებით, 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.