რეზონანსი
06.11.2025

 "ლელოს" ლიდერებმა ბრალის დადგენილება უკვე ჩაიბარეს. ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი პროცესი კიდევ 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაიწყო. საუბარია საბოტაჟის, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდების საქმეზე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების პარალელურად მიმდინარეობდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის სახით გამოძიება გირაოს ითხოვს. თავად პოლიტიკოსები ბრალდებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათი მიზანი ყოველთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა იყო.

ცნობილია, რომ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას არც სხვა ბრალდებულების მიმართ ითხოვს. ბრალის შესახებ რუსთავის იზოლატორსა და "ვივამედში" დადგენილება კიდევ 6 ოპოზიციონერ პოლიტიკოს უკვე გააცნეს. მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძის ინტერესების დამცველები გამოძიებას აბსურდულს უწოდებენ, თუმცა ამბობენ, რომ მტკიცებულებათა ნუსხა ხვალ გადაეცემათ.

ახალი სისხლის სამართლის საქმის შესახებ დღეს ბრიფინგი გენერალურმა პროკურორმა გამართა. გიორგი გვარაკიძემ 8 ოპოზიციონერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლად ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული პროცესი დაასახელა. პროკურორის თქმით, ქვეყნისთვის ომის ასარიდებლად შემუშავებული უსაფრთხოების პოლიტიკის წინააღმდეგ, ოპოზიცია აქტიურად იბრძოდა. მათ შორის იყო ბრალდებები რუსეთისთვის დახმარებისა და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების შესახებ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არაერთ განცხადებას 2022 წლიდან დღემდე, სანქციების გვერდის ავლასა და რუსეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არქივი ინახავს.

საბოტაჟის საქმეზე საუბრის დროს, გენერალურმა პროკურორმა უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას და ინფორმაციის მიწოდებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიზანი ხელისუფლების სანქციებით დაზიანება და ამით სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა იყო. გიორგი გვარაკიძე განმარტავს, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას 300-ზე მეტი ადამიანის უსაფუძვლო დასანქცირება მოჰყვა.

ოპოზიცია, ლობისტებთან ერთად, შტატებსა და ევროკავშირში რომ სანქციებს ითხოვდა, ამას მათი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები და სატელევიზიო განცხადებებიც ადასტურებს. საარქივო მასალებში ჩანს, რომ ლიდერების ნაწილი კონკრეტული სიებით ლობისტებთან აქტიურად მუშაობდა.

პროკურატურა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსაც იძიებს. გენერალურმა პროკურორმა პროცესის ამ ნაწილზეც დეტალურად ისაუბრა. თქვა, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და ნოემბერ-დეკემბერში გამართულ აქციებს ძალადობრივი ფორმა ჰქონდა, რომელსაც ორგანიზებას და ფინანსურ მხარდაჭერას ენჯეოებთან ერთად სწორედ ეს პოლიტიკოსები უწევდნენ.

პროკურატურამ რვავე ბრალდებულ ოპოზიციონერს ბრალის დადგენილება უკვე გააცნო. ცნობილია, რომ უწყება აღკვეთის სახით პატიმრობას არცერთი მათგანის მიმართ არ ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე, გვარამიას, მელიას ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2-დან 4 წლამდე, ხოლო ვაშაძეს, ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×