
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ალექს ბრუზევიცმა განუცხადა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერებს, რომ მათ მიიჩნევს „გაბედულ ვიზიონერებად", რომლებიც ქვეყნის მომავალს აყალიბებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ბრუზევიცმა განაცხადა, რომ მოძრაობა MAGA-ს კონსერვატორები და AfD-ს წევრები, მსოფლიოს სხვა ნაციონალისტურ ძალებთან ერთად, გაერთიანებულნი არიან საერთო ბრძოლაში „მარქსისტებისა" და „გლობალისტების" წინააღმდეგ, რაც მან წარმოადგინა, როგორც „სულიერი ომი ჩვენი ერების სულისთვის".
ბეატრიქს ფონ შტორხმა, AfD-ის პოლიტიკოსმა, რომელიც MAGA-ს „რესპუბლიკელებთან" კავშირების დამყარებას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ბრუზევიცის ვიზიტის მიზანი იყო „ხელის გაწვდენა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან დასაახლოებლად".
„ჩვენ ერთად ვართ ამაში. გლობალისტებს გაერთიანებული პატრიოტების ეშინიათ ყველაზე მეტად", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ AfD ახლა გერმანიის პარლამენტში უძლიერესი ოპოზიციური პარტიაა და ბოლო გამოკითხვებით, მან გადაასწრო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მმართველ კონსერვატორებს.
„ჩვენ წინააღმდეგ მოქმედი ძალები მხოლოდ იდეოლოგიური ოპონენტები არ არიან, ისინი ბოროტების გამოვლინებები არიან, რომლებიც რწმენის, ოჯახისა და თავისუფლების სინათლის ჩაქრობას ცდილობენ. ეს სულიერი ბრძოლა არ შემოიფარგლება შეერთებული შტატებით. ოჰ, არა. გერმანია და ამერიკა შეიძლება ოკეანით არიან დაშორებული, მაგრამ ჩვენ ზუსტად იგივე მტრების, იგივე საფრთხეების, იგივე მზაკვრული ძალების წინაშე ვდგავართ, რომლებიც ჩვენს დაშლას ცდილობენ", - დასძინა მან.