
ივანიშვილი და რუსული ოცნება ძალიან სერიოზულ პანიკაშია. ამის დასტურია ის, რომ დღეს მე ბრალი წამიყენეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მას ბრალი წაუყენეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მსგავსი ქმედებები არის მცდელობა იმისა, რომ პარტია „ლელოს“აკრძალვის საფუძველი შექმნან საკონსტიტუციო სასამართლოში.
„მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება ძალიან სერიოზულ პანიკაშია. ამის დასტურია ის, რომ დღეს მე ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის დანაშაულებრივი ორგანიზება რუსთაველზე მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, მანქანების აფეთქება და თუ რამე შეიძლება შეიძლება მოიხარშოს ავადმყოფურ თავში, ჩაწერეს ამ სულელურ ბრალში. მინდა მივმართო მათ, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ,ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერ ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი. გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ასეთ აბსურდებს არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ.
აქ რაც წერია არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, რატომ მომიყვანეს აქ, ვერ ვხედავ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენი პარტიის აკრძალვის რაღაც საფუძველი შექმნან საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ძირითადად პიარკამპანიაა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ წერია, არის სიყალბე.
ახლა ხმაური სჭირდებათ იმიტომ, რომ ბათუმში და თბილისში 9 მილიონი კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მამუკა ხაზარაძის დაჯარიმებას, ხაზარაძე აცხადებს, რომ 2 000 ლარიანი ჯარიმით უნდათ „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრების კორუფციის საქმე გადაფარონ.
„არასდროს ცხოვრებაში არაფერი არ დამიმალავს. მოხდა ტექნიკური [შეცდომა]. ჩვენ თვითონ აღმოვაჩინეთ სხვათა შორის, ჩვენ თვითონვე მივმართეთ და იმის მაგივრად, რომ აღმოჩენა ჩვენთან გადაემოწმებინათ, გავარდნენ და ტელევიზიაში დაიწყეს კამპანია პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული და ე.წ. პრემიერი-მინისტრი იდგა და საგადასახადო გაუგებრობაზე კომენტარს აკეთებდა ერთი თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი დამთავრდა, იმავე მომენტში თანხა იქნა გადახდილი. ჯარიმის ოდენობა ჩვენ განვსაზღვრეთ და წინასწარ ჩავრიცხეთ. რაც შეეხება დეკლარაციის შევსებას, 2 ათასი ლარით დამაჯარიმეს. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მილიონებს რომ იპარავენ ივანიშვილის მინისტრები, 2 ათას ლარიანი ჯარიმით უნდათ, რომ გადაფარონ. არ გამოუვათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.