
უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი პოკროვსკი (ყოფილი კრასნოარმეისკი) უკვე თვეებია სასტიკი შეტაკებების ეპიცენტრია. ბოლო დღეების ანგარიშების თანახმად, სიტუაცია ქალაქში კრიტიკულად მძიმდება, რასაც რუსული და დასავლური მედია სხვადასხვაგვარად აფასებენ.
რუსული წყაროები იუწყებიან, რომ ქალაქის გარშემო ოპერაციები კულმინაციას უახლოვდება და ის რამდენიმე დღეში, ყველაზე მეტი კი თვის ბოლომდე დაეცემა. ქალაქსა და მის შემოგარენში მყოფი უკრაინელების დიდი დაჯგუფება კი ჩაკეტილია ე.წ. "დრონების კედლით". ეს იმას ნიშნავს, რომ ალყა არ არის ფიზიკური და უკრაინელებს "ზურგთან" დაკავშირება შუეძლიათ, თუმცა ამისთვის დარჩენილი ერთადერთი გზა რუსული დრონებით კონტროლდება, რაც ამ მარშრუტს ჯარისკაცებისთვის ძალიან სარისკოს ხდის, ტექნიკისთვის კი ფაქტობრივად გაუვალს.
სხვადასხვა მონაცემებით, სულ პოკროვსკის ფრონტზე 5-დან 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის რამდენიმე სექტორში შეაღწიეს და ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ჯგუფების ტაქტიკური ალყის შექმნას.
ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ რუსული ნაწილები ქალაქის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ და ბრძოლები უკვე ქუჩის დონეზე მიმდინარეობს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მირნოგრადთან დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე, რომლის გადაკეტვაც უკრაინის გარნიზონისათვის სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებს შექმნის.
დასავლური გამოცემები და უკრაინული ანალიტიკური ცენტრები ვითარების დამძიმებას ადასტურებენ. აღნიშნულია, რომ რუსეთი დრონების ომში მნიშვნელოვან უპირატესობას იძენს და უკრაინის საჰაერო თავდაცვას ღლის. უკრაინის გენერალური შტაბი, რუსული განცხადებების მიუხედავად, ალყის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ რამდენიმე წარმატებული კონტრიერიში თავადაც განახორციელეს.
თუმცა, ექსპერტები, მათ შორის ფინელი სამხდრო ანალიტიკოსი ემილ კასტელმი, სვამენ კითხვას: ღირს თუ არა პოკროვსკის დაცვა ამ ფასად? ზოგიერთი დასავლელი კომენტატორი შიშობს, რომ კიევი შესაძლოა ისეთივე ძვირადღირებულ შეცდომას უშვებს, რაც ბახმუტსა და ავდეევკაში დაუშვა, სადაც უკრაინის ელიტარული შენაერთები განადგურდნენ.
პოკროვსკი არის სარკინიგზო და საავტომობილო კვანძი, რომლის დაკარგვა რუსეთს საშუალებას მისცემს, დონეცკის რეგიონში შეტევის მთავარი ღერძი გააფართოვოს კრამატორსკისა და სლოვიანსკის მიმართულებით. ამ ბოლო ორი ქალაქის აღების შემდეგ კი დონბასის ოპერაცია შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, რაც პრეზიდენტ პუტინისთვის დიდი სტრატეგიული გამარჯვება იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს ფრონტი ამჟამად ყველაზე ცხელია, რაც ხაზს უსვამს ქალაქის მნიშვნელობას მთლიანი დონეცკის დაცვისთვის.
ბრძოლები გრძელდება, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინელი დამცველებისთვის დრო სწრაფად იწურება, რათა მოახდინონ ტაქტიკური უკანდახევა მძიმე დანაკარგების გარეშე ან ახალი, ძლიერი თავდაცვითი ხაზის შექმნა.