რეზონანსი
06.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმის (EMPACT) ოპერატიული აქტივობის ფარგლებში, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - ირაკლი დონდოლაძემ გახსნა. მონაწილეებს, ასევე,  სიტყვით მიმართა ოპერატიული აქტივობის ლიდერმა, ესპანური მხარის წარმომადგენელმა - ხოსე ანხელ გონსალეს მორანმა. ყოველწლიურ შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ათამდე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა მონაწილე ქვეყნების გამოცდილება კრიმინალურ ტენდენციებთან, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე, არსებული გამოწვევები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

ხაზი გაესვა კრიმინალურ საფრთხეებთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაძლიერებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს და აღნიშნული მიმართულებით დინამიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს", - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×