
აცივებასთან ერთად, ბუნებრივი აირის უსაფრთხოების საკითხი გააქტიურდა. მართალია, წინა წლებისგან განსხვავებით, გაზის გაჟონვის ფაქტებმა იკლო, თუმცა რისკი მაინც დიდია. განსაკუთრებით ეს ეხება გაქირავებულ ბინებს, რომლის მობინადრეებიც ყველაზე მეტად არიან საფრთხეში, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება და უსაფრთხოება ბუნებრივ აირთან მიმართებით.
გაზგამანაწილებელი კომპანიის მხრიდან ქსელის შემოწმების ვალდებულება ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოოდ ბევრი რამ დამოკიდებულია ისევ მოქალაქეების ცნობიერებასა და მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომების მიღებაზეა, რაც ელემენტარულ დონეზე ყველა მობინადრეს შეუძლია.
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა, რომ გაზის ნამწვით გამოწვეული უბედური შემთხვევების 80% გაქირავებულ ბინებში ფიქსირდება. რაც შეეხება გაზის მოხმარების წესების დარღვევას, წელს 70% ისანი-სამგორში გამოვლინდა. საერთო შემთხვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ნაწილობრივ შემოწმებებისა და დარღვევების გამოსწორების შედეგია. ხოლო პრობლემის მთავარ წყაროს დღემდე წარმოდგენილ ბინებში კუსტარული და სტანდარტებისთვის შეუსაბამო მოწყობილობები წარმოადგენს.
„ვერ ვიტყვი, რომ დარღვევები მთლიანად აღიკვეთა, ძირითადად, პრობლემა გაქირავებულ ბინებზეა, სადაც ხშირად არასწორად არის მოწყობილი ქსელი ან დანადგარები, რომლებიც სტანდარტებს არ შეესაბამება. გამოვლენილი დარღვევების 80% სწორედ ასეთი ბინებიდან მოდის“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
მთლიანობაში სერიოზული პრობლემაა ქსელების გაუმართაობა, რა მხრივაც მუშაოება ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს და პრევენციისთვის არასაკმარისია. სპეციალისტები სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
გაზის ინჟინერიის სპეციალისტმა ნოდარ რამიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მაინც მომხმარებელს მართებს. არ უნდა მოხდეს კუსტარულად დამონტაჟება, გამოიძახონ კვალიფიციური თანამშრომელი, ვისაც შესაბამისი ცოდნა და სერტიფიკატი აქვს.
,,პირველ რიგში, თვითონ მობინადრეების მხრიდან საჭიროა მეტი ყურადღება. თუ რამე უნებლიეთ დაზიანდა არ უნდა გამოეპაროთ. როგორც ვიცით, ბუნებრივ აირს არც სუნი აქვს და არც ფერი, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მთავარია არ მოხდეს კუსტარულად დამონტაჟება, გამოიძახონ კვალიფიციური მუშახელი, ვისაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება კომპანიებს, მათგან მეტი კონტროლია საჭირო. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს, ამისათვის მეტად ინფორმირება აუცილებელია - განხორციელდეს სპეციალური პროგრამები, გავრცელდეს შესაბამისი ბროშურები და ა.შ. ათასი გზა არსებობს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავრცელდეს.
რაც შეეხება ოდორანტის შერევას, ამაზეც ბევრს საუბრობენ. ის ძირითადად თხევად აირიში გამოიყენება, ვინაიდან ბუნებრივი გაზის წვა დახურულ სივრცეში ხდება და ჟანგბადსაც ოთახებიდან იღებს, ოდორანტის შერევისას, წვის დროს იმდენად არასასიამოვნო სუნი დადგება, რომ შეიძლება თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება მოჰყვეს. უარყოფითად მოქმედებს ალერგიულ ადამიანებზეც", - განუცხადა "რეზონანსს" ნოდარ რამიშვილმა და დასძინა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად და უბედური შემთხვევების შესამცირებლად საჭიროა კომპეტენტური ორგანოებისა და კომპანიების მეტი აქტიურობა. ასევე, აუცილებელია სისტემის განახლებაზე მუშაობა. გარეუბნებში ხშირად ვაწყდებით მილებს, რომლებიც დაჟანგული და გაუბედურებულია. სისტემის გაუმართაობა, უყურადღებობა, მომხმარებლის გულგრილობა და არასათანადო ცოდნა მთლიანობაში გვაძლევს იმ სავალალო სურათს, რაც გვაქვს.
რაც შეეხება ქირით მაცხოვრებლებს და ამ კუთხით არსებულ საგანგაშო სტატისტიკას, რამიშვილი მიიჩნევს, რომ ბინის მესაკუთრეს მეტი ყურადღება და კონტროლი მართებს გაქირავებული ფართის მიმართ. სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს დამქირავებელს საჭიროების შემთხვევაში როგორ იმოქმედოს და ა.შ.
დღეს საქართველოს მოსახლეობა უსუნო აირს მოიხმარს და სრულიად დასაშვებია, რომ მობინადრემ გაზის გაჟონვა ვერ შეამჩნიოს. აკადემიკოსი სიმონ ბარამიძის თვლის, რომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი, რომ მდგომარეობა რეალურად გამოსწორდეს და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დავიცვათ. თუ სასწრაფოდ გაზის ქსელის რეაბილიტაცია არ მოხდება, ტრაგედიები შიძლება ისევ გახშირდეს, რაც, დროის გასვლასთან ერთად, შეუქცევადი პროცესი გახდება.
აკადემიკოსი საუბრობს ღია წვის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების არასწორ მონტაჟზეც, თუმცა აფეთქების მთავარ მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ გაზს ოდორანტი არ ემატება:
,,პრობლემა არის არაპროფესიონალური მონტაჟი და ასევე ზედამხედველობის გარეშე დატოვებული ქსელი. უფრო ინტენსიურად უნდა მოწმდებოდეს ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხლებლები. რაც კეთდება, არასაკმარისია. მთავარი მიზეზი, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ, არის ოდორანტის არარსებობა. მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი სისტემით მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში იმ შემთხვევაში, ოდორანტი მთელ სისტემაში რომ გაუშვან.
ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე „იდგა“ და ისე მუშაობდა, როგორც სტანდარტია აწესებდა. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტები და რეგულაციის არარსებობაა ყველაფრის მიზეზი. ოჯახებში გაზის აფეთქებისა და გაჟონვის ფაქტები ოდენობა ნამდვილად შემცირდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვართ რისკებისგან დაცული”, - აღნიშნა "რეზონანსთან" სიმონ ბარამიძემ.
როგორც ცნობილია, წელს ასი ათასობით აბონენტია გადამოწმებული. ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) , „თბილისი ენერჯის“ მიერ განხორციელებული გაზის შიდა ქსელების ტექნიკური შემოწმების შედეგად, დედაქალაქში 4700-მდე დარღვევაა დაფიქსირებული.
ყველაზე მეტად საშიში დარღვევები ისანი-სამგორი-ვარკეთილი-ვაზისუბნის რაიონში ფიქსირდება, სადაც 1500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ადგილზეა გლდანი, დაახლოებით 1100 დარღვევით, ხოლო მესამეზე - ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონი, სადაც დაახლოებით 900 დარღვევა გამოვლინდა.
ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება ღია კამერიანი დანადგარების მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალურად მთავრდება. გარდა ამისა, ხშირია შიდა ქსელის გაუმართაობა და გაზგაყვანილობის არასწორი მონტაჟიც.