
უკრაინის აღმოსავლეთით, პოკროვსკის მიმართულებაზე ბრძოლები მწვავდება -მოსკოვი ალყაზე საუბრობს, კიევი კი უარყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება შესაძლოა დონბასის ბრძოლისათვის გადამწყვეტ ნაწილად იქცეს, რა ვითარებაა ადგილზე და რა ინფორმაციები ვრცელდება ფრონტის ხაზიდან?
რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოკროვსკისა და კუპიანსკის დანგრეულ ქალაქებში მყოფი უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეულნი და უნდა დანებდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში მათ გადარჩენის შანსი არ აქვთ.
„კუპიანსკსა და კრასნოარმეისკში ჩარჩენილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მდგომარეობა, რომლებიც განუწყვეტლივ განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს თავდასხმებისა და რუსული ჯარების წინსვლის შედეგად, სწრაფად უარესდება, რაც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს გადარჩენის სხვა გზას არ უტოვებს, გარდა ნებაყოფლობითი ჩაბარებისა", - აცხადებენ უწყებაში.
რუსული ჯარების მიერ სხვა ქალაქებზე განხორციელებული ფრონტალური თავდასხმებისგან განსხვავებით, რუსეთმა გამოიყენა მკაცრი ზომები, რათა თითქმის ალყა შემოერტყა უკრაინულ ჯარებს პოკროვსკსა და კუპიანსკში.-წერს როიტერსი.
რუსული მხარე აცახდებს, რომ მცირე, მაღალმობილურმა დანაყოფებმა და დრონებმა უკრაინული ლოჯისტიკა ჩაშალეს და უკრაინის ხაზებს მიღმა ქაოსი დათესეს.
შეგახსენებთ, რუსეთი 2024 წლიდან ცდილობს პოკროვსკის აღებას, რომელსაც „დონეცკის კარიბჭეს" უწოდებენ, ( ეს წარმოადგენს დონბასის რეგიონის მთლიანი ნაწილის აღების მცდელობის ნაწილს,) რომლის დაახლოებით 10%-ს, ანუ 5000 კვადრატულ კილომეტრს (1930 კვადრატული მილი) უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ.
რას ამბობს უკრაინული მხარე
„დონეცკის ოლქის პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციაში ამჟამად რუსეთის მიერ ქალაქების ალყა ან ბლოკადა არ არის."- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა ანდრეი კოვალევმა 4 ნოემბერს „ინტერფაქს-უკრაინასთან" ინტერვიუში განაცხადა.
„ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალების არცერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში მოქცეული", - განმარტა მან.
კოვალევმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ყველაფერს აკეთებენ ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად. მან განაცხადა, რომ პოკროვსკში სიტუაცია რთულია, მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ოპერაცია ქალაქის ტერიტორიაზე მტრის ძალების იდენტიფიცირებისა და რუსი ოკუპანტების განადგურებისა და განდევნისთვის.
„აღმოსავლეთის" ძალების ჯგუფმა ასევე კომენტარი პოკროვსკში არსებულ ვითარებაზეც გააკეთეს, და პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნეს, განცხადებაში, ვკითხულობთ, რომ დღის დასაწყისიდან, საღამოს 7:00 საათის მონაცემებით, ოკუპანტებმა 27-ჯერ სცადეს უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებიდან განდევნა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ მტრის წინსვლას და ამ თავდასხმებიდან 23 უკვე შეაჩერეს", ნათქვამია განცხადებაში.
„პოკროვსკში გრძელდება სამძებრო-სადესანტო ოპერაციები და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყველა კომპონენტის კოორდინირებული მუშაობა. მტერი დანაკარგებს განიცდის. ქალაქი ალყაში არ არის მოქცეული. ლოჯისტიკა, თუმცა რთული, უზრუნველყოფილია", - ხაზგასმით აღნიშნა პრესსამსახურმა.
რა ხდება ახლა
„რუსეთის ტაქტიკამ ორივე ადგილას შექმნა ის, რასაც რუსი სამხედრო ექსპერტები „ნაცრისფერ ზონას" უწოდებენ, სადაც არცერთ მხარეს არ აქვს სრული კონტროლი, მაგრამ უკრაინისთვის მისი დაცვა უკიდურესად რთულია"-ვკითხულობთ როიტერსის სტატიაში.
ბრძოლის ველის რუკები აჩვენებს, რომ რუსული ძალები პოკროვსკის ალყადან რამდენიმე კილომეტრში არიან მობილიზებულები, რომელიც რუსეთში კრასნოარმეისკის სახელითაა ცნობილი, ისინი აკონტროლებენ კუპიანსკის მნიშვნელოვან ნაწილს და ქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზაზე წინ მიიწევენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თქმითაც კუპიანსკის „60-მდე დარჩენილი რუსისგან" გაწმენდა მიმდინარეობს.
„კიევის რეჟიმის ხელმძღვანელმა სრულიად დაკარგა რეალობასთან კავშირი და სირსკის ცრუ ცნობების მოსმენით, სრულიად არაინფორმირებულია ადგილზე არსებული ოპერატიული ვითარების ", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა, ტერიტორიაზე ვითარება მწვავე იყო. სწორედ სამშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში, პოკროვსკის ქალაქთან ახლოს ჯარისკაცებს შეხვდა, სადაც ბოლო დღეებში კიევსა და მოსკოვს შორის ფრონტის ხაზზე ბრძოლა გამწვავდა.
„მე შევხვდი სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 სწრაფი რეაგირების ბრიგადის „რუბიჟის" სამეთაურო პუნქტში", - დაწერა მან სამშაბათს X/Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„მოვისმინე მეთაურის მოხსენება ამ სექტორში არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრიგადის საჭიროებები, დრონების წარმოება და ცენტრალიზებული მიწოდება: სახმელეთო რობოტული პლატფორმები, მძიმე ბომბდამშენი დრონები და სხვა, ასევე მათთვის სტანდარტიზებული საბრძოლო მასალის წარმოება."-განაცხადა ზელენსკიმ.