თამთა ჩაჩანიძე
05.11.2025

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ბოიკოტში ერთიანი აღარ არის და ამასთან, სამი პარტიის აკრძალვის საფრთხეც რეალურად დადგა, თავად პარტიებშიც დაიწყეს ფიქრი ბრძოლის გაგრძელების გზებზე. ნაწილი გამოსავალს გაერთიანებაში ხედავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბრძოლის გაგრძელების გზები არსებობს, ნაწილს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ თავად მოიჭრა გზა.

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი არ არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესი შეიძლება "გააჩაღო" პარლამენტში, ან საკრებულოში.

"ქუჩის პროტესტი საზოგადოების წინააღმდეგობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ვერ გახდება ერთადერთ საშუალებად იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია.

ამიტომ მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს, რომ გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, მაგალითად მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ არ შევაჩეროთ, მხარი დავუჭიროთ ქუჩის პროტესტს, მაგრამ ქუჩის პროტესტს დავარქვათ ძირითადი პოლიტიკური პროცესი, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა. ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არის სხვა რამე.

პოლიტიკოსების მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის პროტესტის წვერებად წარმოჩენა, ეს არის მინიმუმ გაუთვითცნობიერებლობა, რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი. მე წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, სიამოვნებით დაველოდები როგორ წარმატებებს მიაღწევენ თავიანთი ამომრჩევლების მობილიზებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსთან".

კითხვაზე, განიხილავს თუ არა „ლელო" სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანების შესაძლებლობას, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს: „თუ ვინმე ფიქრობს, გააერთიანოს თავისი ძალისხმევა, ყველას მივესალმები, მაგრამ ჩვენ ამ წუთას არანაირ გაერთიანებას არავისთან არ განვიხილავთ".

„ნონსენსია, რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს, ამ დროს შენ საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე. თუმცა მე სხვა პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ.

„ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება, ჩვენ უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა ამ პროცესში (სამართლებრივ ბრძოლაში) მონაწილეობას",- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას უკანდასახევი გზა აღარ აქვს, ბოიკოტი კი საბოლოო გაქრობამდე მიიყვანს.

"მათ უკანდასახევი ყველა გზა თავად მოიჭრეს, როდესაც უპირველეს ყოვლისა მიზნად დაისახეს ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და 2024 წლის 26 ოქტომბრიდან, 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით ამის არაერთი მცდელობა იყო.

"მათ საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების დასაკლავი დანა თავად გამოჭედეს და არავითარი ბრძოლის მეთოდები არ გააჩნიათ, მათ შორის არც პროტესტის გაგრძელების შანსი არ აქვთ, რა პროტესტი უნდა გააგრძელონ 100-150 კაცით? ადრე სამეგრელოში 500 კაციანი ქორწილი რომ გაიმართებოდა, იქ იყო 100-150 კაცი ჭკუაარეული და ქვეყანაში რომ იყოს რაზეა ლაპარაკი. მათ ბრძოლის ერთადერთი გზა დარჩათ, რომ ისტორიის კანალიზაციაში წავიდნენ.

"მათ 2024 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტში 61 მანდატი მიიღეს. 150 კაციან პარლამენტში 61 ადგილს რომ ვერ გამოიყენებ, მაშინ ან ბრიყვი ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ან ქვეყნის მოღალატე და ვიღაცეებზე დამოკიდებული, სხვა არაფერი. პარლამენტი სალაპარაკო და სამოქმედო ადგილია, პოლიტიკოსმა იქიდან უნდა იმოქმედოს.

"პარლამენტში რომ ყოფილიყვნენ, ისე არ გაქრებოდნენ, როგორც ახლა. ასეთი წინააღმდეგობები თუ სურდათ, პროტესტების ათასგვარი ფორმა შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც პარლამენტის შიგნით, ისე გარეთ. თუ მათი სურვილი იყო, შეიძლებოდა ასეთი შეთანხმებული მოქმედება. ეს არ ისურვეს და ამიტომ მიიღეს ის, რაც მიიღეს, ამასი სხვას ნუ დაადანაშაულებენ, დაადანაშაულონ საკუთარი ფულზე გაყიდული თავები",- განაცხადა გვენეტაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას ბრძოლის გაგრეძლების ოთხი მთავარი ბერკეტი აქვს.

"პარტიები რომც აკრძალონ, დე ფაქტოდ მაინც გააგრძელებენ მოღვაწეობას, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ არაფერი არ შეიცვლება, პრობლემა იქნება, რომ პარტიებმა შეიძლება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ მიიღონ მონაწილეობა. არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ჯერ პარტიები გააუქმოს და შემდგომში რიგგარეშე საპარამენტო არჩევნების სესახებ გამოაცხადოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, შეცვალოს და მოირგოს კონსტიტუცია.

"სამი პარტიის გარდა, ბოიკოტში მყოფ სხვა პარტიებს მაღალი რეიტინგი არ გააჩნიათ, თუმცა, ბრძოლის გზა აქვთ არა მარტო აქციებით, არამედ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობით. თუმცა, ისიც არაა გამორიცხული, რომ თუ ივანიშვილმა რიგგარეშე არჩევნები მართლაც გამოაცხადა, მასში მონაწილეობაზე უარი თქვას მაგალითად "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ფედერალისტებმა".

"საერთო ჯამში ოპოზიციას ბრძოლის რადენიმე გზა აქვს - პირველი, შიდა პროტესტის გაძლიერება, მეორე, შეხვედრა მოსახლეობასთან რეგიონებში და მათი დარწმუნება, მესამე, საგარეო ფლანზე მუშაობა მკაცრი სანქციების ამოქმედების მიზნით "ქართული ოცნების" მიმართ. ასევე, პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, რადგან პოლიტიკური მოძრაობის მიზანი პარტიისგან განსხვავებით ხელისუფლებაში მოსვლა არ გახლავთ.

"შესაძლოა პოლიტიკურ რომელიმე მოღვაწეს "ოცნების" ჩინოსნებს შენგენის ზონაში აუკრძალონ შესვლა, მაგრამ მეორეს მხრივ, სანამ ანგარიშებს არ გაუყინავენ, როგორც ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა, მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება. მუშაობაა საჭირო განსაკუთრებით ბრიტანეთის მთავრობასთან, რადგან ევროკავშირის ფარგლებში პროცესი გაიწელა კონსენსუსის არარსებობის გამო",- განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×