რეზონანსი
05.11.2025

დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სურს, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედს გამოთქვამს, რომ მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში.

„ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა.

იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს.  ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება.

ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ  ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი – თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ასეთ არჩევნებს არ აქვს მათთვის ფასი, თუ გენპროკურორის არჩევის წესი არ არის ისეთი, რომელიც აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროკურატურაზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ არჩევის წესსაც არ აქვს ფასი“.

კობახიძის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისეთია, რომელიც არ აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სასამართლოზე გავლენის დაბრუნების საშუალებას და მათთვის ასეთ კანონმდებლობასაც არ აქვს ფასი.

„ეს არის საერთო მიდგომა. ეს არის ის სტანდარტები, რომლებიც მოქმედებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა გავლენა სასამართლოზე, პროკურატურაზე. სწორედ ამ გავლენის წყალობით ჩამოაყალიბა თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან მყარად მფარველობდა. არ გვინდა ამის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურას. საქართველოში აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გავლენა არც სასამართლოზე, არც პროკურატურაზე, არც პარლამენტზე, არც მთავრობაზე. პირიქით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მთლიანად ჩამოვაშოროთ ჩვენს პოლიტიკურ სისტემას. სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდება ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×