მარიამ ვეკუა
05.11.2025

საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება - ამ გზავნილებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. რამდენად იზრდება ჩინეთთან დაახლოების პერსპექტივა და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა - ამაზე ქართველ ექსპერტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ.

საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მასპინძლობს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი. პრემიერი, შანხაიში 3 ნოემბერს გაემგზავრა.

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა, - განაცხადა კობახიძე.

პრემიერის თქმით, 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ, რომელიც ქართული ექსპორტის თითქმის 95 პროცენტს მოიცავს, თამაშის წესები შეცვალა და მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობის მოცულობა.

„მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი - 15-პროცენტიანი ზრდაა. ვაჭრობის ამგვარი მატება ასახავს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სიძლიერეს და მომავალ წლებში გაფართოების კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინეთის მიერ მისივე უზარმაზარი ბაზრის გახსნისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ძირითად სექტორებზე წვდომის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და ინოვაციები აითვისონ.

...საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მზარდ რაოდენობაზე, აღნიშნა, რომ საქართველოს უფრო მეტად სურს გააძლიეროს ჩინეთთან ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოც.

შეგახსენებთ, საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული ურთიერთობა 2023 წელს დაამყარეს

რა მიმართულებით შესაძლოა განვითარდეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილის აზრით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.

„ჩინეთთან ურთიერთობის განვითარება, შესაძლებელია ძალიან ბევრი მიმართულებით, პირველი ეს არის ეკონომიკური ურთიერთობები: ეს არის დერეფნის საკითხი, ევროპა-აზია, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, ეს არის ვაჭრობა, რომელიც შესაძლებელია უფრო განვითარდეს, ინვესტიციები, ჩინური ინვესტიციები საკმაოდ ცოტაა, იმ პოტენციალთან შედარებით, რაც ჩინეთს გააჩნია. შესაძლებელია ტექნოლოგიურ დარგში თანამშრომლობა, ინდუსტრიის სფეროებში, ნოუჰაუ, ერთობლივი საწარმოები შესაძლებელია განვითარდეს."-განაცხადა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, აღნიშნავს, რომ მზარდი ეკონომიკური დინამიკა სახეზეა, თუმცა, სრული პოტენციალის გამოყენებამდე, ჯერ კიდევ, დიდი დროა.

„ეკონომიკური ურთიერთობის მზარდი დინამიკა სახეზეა, საჭიროა, ამ და სხვა სფეროების გაფართოება, რასაკვირველია, ეს უწინარესად ეხება სატრანსპორტო და მის მომიჯნავე სექტორებს. საქართველო ერთ-ერთი ბუნებრივად საკვაძო ქვეყანაა აღმოსავლეთ-დასავლეთ დერაფანში, სამხრეთ კავკასიაში, ამ მიმართულებით სრული პოტენციალის გამოყენებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის, ამიტომ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებს შორის, ეს იქნება სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, ჩინეთი და რაც მთავარია, ევროპა, ყველას ინტერესებშია.

საქართველო მცირე სახელმწიფოა, ბუნებრივად შეზღუდული პოტენციალით, მაგრამ ჩინურ ბაზარზე საქართველოს უფრო მეტად წარმოდგენა, თითოეული ქართველის ინტერესშია, ისევე. როგორც დივერსიფიცირებული ბაზრების კიდევ უფრო განვითარება , სხვადასხვა მიმართულებით, ეს პროცესი ასევე აღმასვლაშია. მაგრამ, როგორც იტყვიან, ეკონომიკური აქტივობა ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეს. საქართველოც ამ მიმართულებით მზადაა ყველასთან თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის, გარდა ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან."--განაცხადა აბაშიძემ.

რამდენად იზრდება ჩინეთთან დაახლოების პერსპექტივა

ამ კითხვაზე გია აბაშიძე გვპასუხობს, რომ ხშირად გაჟღერებული ფრაზები, რომ საქართველო ხდება ჩინეთუმე, უსაფუძვლოა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ 4 ნოემბერს გაფორმდა არაერთი მნიშვნელოვანი განვითარების დოკუმენტები, რასაკვირველია, ესენი არიან წინაპირობა ეკონომიკური აქტივობის შემდგომი წინსვლისთვის და ის მონახაზი, რაც ახლა ჩანს, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, საფინანსო სექტორი, რასაკვირველია უფრო განვითარდება, ამაში ორი აზრი არ არის.

იმ საკითხს, რომ საქართველო თავად ირჩევს საგარეო პოლიტიკურ კურსსაც, რაც გულისხმობს მრავალვექტორულ, მულტიგანზომილებიან ურთიერთობებს, ამაში ხელი არავინ არ შეუშალოს და არ წამოაძახონ უსაფუძვლო ბრადლებები, განსაკუთრებით იმ აქტორებმა, რომლებსაც გაცილებით კოლოსალური საფინანსო ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთნ, ვგულისხმობ ევროპასა და აშშ-ს....ასე რომ, აპელირება იმაზე, რაც ხშრად ხდება ქართულ მედიაში, რომ საქართველო ჩინეთუმე ხდება, არის აბსოლუტურად უსაფუძლო,"-განაცხადა აბაშიძემ.

კახა გოგოლაშვილის აზრით, კი ჩინეთისა და საქართველო პოლიტიკური დაახლოება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა, ეკონომიკური თანამშრომლობის ფართოდ გაშლა კი შესაძლებელია.

„ალბათ, პოლიტიკური მიმართულებით სასურველი არ არის, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დავამყაროთ ჩინეთთან, რაღაც ვალდებულებები ავიღოთ მის წინაშე, რომელიც აშკარად არის გეოპოლიტიკური მოწინააღდმეგე, განსაკუთრებით, მთელი ევროკავშირისათვის. მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობა შესაძლებელია გავშალოთ ძალიან ფართოდ.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გრძლევადიანად როგორი მთავრობა იქნება საქართველოში, თუ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილური ავტორიტარული სახელმწიფო, მაშინ, სრულიად მოსალოდნელია, რომ ჩინეთთნ პოლიტიკური ურთიერთობები გაღრმავდეს, მაგრამ, თუ საქართველომ გააგრძელა ევროინტეგრაციის გზა, მაშინ იქნება გარკვეული შეზღუდვები პოლიტიკურ თანამშრომლობის მიმართულებით, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე, უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, პოლიტიკური განვითრების სფეროში, ალბათ, ბევრად უფრო ნაკლები იქნება, თითქმის არ იქნება". -ამბობს გოგოლაშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×