
ბელგიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნატოს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის მახლობლად უცნობი დრონები დააფიქსირეს. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საჰაერო ბაზის მახლობლად სულ მცირე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ ორი დრონი შენიშნა. „ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია, რადგან სამხედროებმაც კი ვერ შეძლეს ამ დრონების იდენტიფიცირება", - განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
ადგილზე პოლიციის ვერტმფრენი გამოიძახეს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, უპილოტო საფრენი აპარატები მოეგერიებინათ. ამასთან, დრონების დაფიქსირების გამო, გუშინ საღამოს ბრიუსელის აეროპორტში საჰაერო მოძრაობა ორჯერ შეჩერდა. შეზღუდვები ლიეჟის აეროპორტშიც დაწესდა. შეგახსენებთ, 2 ნოემბერს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის თავზე უცნობი დრონები ორჯერ შენიშნეს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რთული სათქმელია, თუ როდის შეიძლება შეწყვიტოს რუსეთმა დრონებით შეტევა.
„როდის შეწყდება დრონებით თავდასხმები ვერ გეტყვით, თუმცა, რუსეთი ასეთი ჰიბრიდული ტიპის მეთოდებს აქტიურად იყენებს, რათა მოახდინოს ნატოს კიბერსივრცის მოწყვლადი არეალების შესწავლა. შესაბამისად, შემდეგ ამას გამოიყენებს სათავისოდ. რუსეთი ასიმეტრიული ტიპის საფრთხეებს იკვლევს, რისი პროგნოზირებაც რთულია.
მოკლედ რომ ვთქვა, ნატოს ისეთი ტიპის საფრთხეს უქმნის, რომ უნდათ მოულოდნელობის ეფექტი შექმნან. ამიტომ უჭირს ნატოს გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ზომების განხორციელება. ნატოში რამდენიმე კიბერუსაფრთხოების ოპერატიული მართვის ცენტრია, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და იმედია შესაბამის ზომებს მალე მიიღებენ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".