
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს თბილისში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ხელისუფლება ისევ კრიტიკულადაა განწყობილი ევრობიუროკრატიისადმი და ამტკიცებს, რომ ევროკავშირისკენ სვლა არ შეუჩერებია. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ამას ბრიუსელიდან ნაბიჯები მოჰყვება და პირველი ეს შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას შეეხოს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ანგარიშის გამოქვეყნებით რეალურად ახალი არაფერი მომხდარა, ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას სადაა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. მათი შეფასებით, შესაძლოა პირველი ნაბიჯი ის იყოს, რომ უვიზო მიმოსვლა გარკვეულ პირებს შეუჩერდეს.
4 ნოემბერს გამოქვეყნებულ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2025 წლის 1-ლ სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა.
ანგარიში ბრიფინგზე წარადგინეს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. კოსის თქმით, „საქართველოში ვითარება მწვავედ გაუარესდა დემოკრატიის უკუსვლით ისე, როგორც ეს არასდროს მომხდარა კანდიდატ ქვეყანაში", ხოლო კანდიდატის სტატუსისგან „მხოლოდ სახელიღა დარჩა". მისივე ცნობით, ნოემბერში მიიღებენ ვიზების შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მისცემთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით „შემდგომი ნაბიჯები" გადადგან.
კალასმა კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს: „ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ".
რა ეტაპზე გადავიდა ევროკავშირი-საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობები
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ანგარიშმა ნათლად დაანახა სად ვდგავართ და ურთიერთობის ეტაპებზე საუბარი ნაადრევია.
„ურთიერთობის რაღაც ეტაპებზე საუბარი მემგონი ნაადრევია. ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა ის, თუ სად ვდგავართ. ამ თვალსაზრისით ეს ანგარიში რაღაც წყალგამყოფი არაა, ჩვენ აქამდეც ვიცოდით რა მდგომარეობაში იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უბრალოდ ამან კიდევ ერთხელ კონკრეტულად და ცხადი ენით დაადასტურა, რომ ქვეყანა უკვე ფაქტიურად ჩამოშორებულია გაფართოების კონტექსტს.
"დასახელდა კონკრეტული ქვეყნები - მონტენეგრო-ალბანეთი, ასევე უკრაინა, მოლდოვაზე იყო კონკრეტული საუბარი. საქართველო იყო ასე ცალკე გამოყოფილი ძალიან ნეგატიური ტენდენციით, თურქეთთან ვიყავით ახლოს, რომლის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი ათეული წლებია გაყინულია. საზოგადოებას რისი შიშიც ჰქონდა, ზუსტად ეს დადასტურდა.
"ეს თვითიზოლაციის პოლიტიკის ფასია და იმ ავტორიტარული კონსოლიდაციის, რომელიც ქვეყანაში მიდის",- განაცხადა კაკაჩიამ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ურთიერთობებში რაც იყო, ის დაფიქსირდა დოკუმენტურად.
"არ მიმაჩნია ეს ახალ ეტაპზე გადასვლად, რაც არის ის დაფიქსირდა. ამას რა თქმა უნდა იყენებენ პოლიტოლგები თუ ექსპერტები, რომ აი, საქართველოს შავი დღე გაუთენდაო და ა.შ. არაფერი მსგავსი. შიდა საქმეებში ჩარევაა, მაგრამ ევროკავშირისთვის ამაზე გაცილებით მძიმეა ის, რომ ეს ანგარიში მთლიანად ტყუილზე აქვთ აგებული. ფაქტებს იგნორირებენ და ამის მსგავსად ცილისწამება და არარსებული რაღაცეების ბრალდებაა საქართველოს ხელისუფლებისადმი.
"საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება აბსოლუტურად მართალია და ამას ვერაფერი შეცვლის. ევროკავშირის მხრიდან ესაა პოლიტიკური თაღლითობა განსაკუთრებით როცა ამბობენ, რომ უკუსვლა გვაქვს და თურმე წინსვლა უკრაინას და მოლდოვას ავქვს",- განაცხადა მამრაძემ.
მოსალოდნელი ნაბიჯები ბრიუსელიდან
კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ მოსალოდნელია ის, რაც მანამდე უკვე ითქვა, უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა პოლიტიკური ხელისუფლებისადმი.
"მინიშნებები იყო და ეს განცხადება მანამდეც გაკეთდა პოლიტიკური ხელისუფლებისადმი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელოვანი არაა. მთავარი თვითონ დინამიკაა, რომ ეს უარყოფითისკენ იცვლება.
ანუ, თუ უარყოფითი იყო, კიდევ უფრო უარყოფითისკენ მიდის და შემდეგ თუ ქვეყანაში რამე არ შეიცვალა, კიდევ უფრო გაუარესდება. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება დამთავრდეს იმითი, რომ ის რაც გვქონდა, ვიზლაიბერალიზაცია, თუ სხვადასხვა შეთანხმების შედეგად მიღებული სიკეთეები, ეს დავკარგოთ.
"მოლდოვამ უკვე მოახერხა როუმინგის პროგრამაში და ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებში ჩართვა, ასეთი რაღაცეები, რაც ქვეყანას სჭირდება და ჩვეულებრივი მოქალაქე იგრძნობდა, ამ პირობებში შეუძლებელია იმ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. უკან მივდივართ და თუ ქვეყანაში ძირეული და სისტემური ცვლილებები არ მოხდა, არაფერი შეიცვლება. ამიტომაცაა ხალხზე საუბარი, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს",- განაცხადა კაკაჩიამ.
პეტრე მამრაძე კი გვეუბნება, რომ ევროკავშირს ბერკეტები პრაქტიკულად აღარ აქვს.
" სულ იმუქრებიან, ახლა კიდევ ვიმუშავებთ სანქციებზეო. ბერკეტები პრაქტიკულად აღარ აქვთ. კონკრეტულ პირებზე სანქციებიო, ვთქვათ მთლიანად სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი მოუხსნეს, აქამდე ვნახეთ, რომ ეს გაუჭირდათ და კონსენსუსი არ იყო. ევროკავშირის ელჩმა შემზარავი რამ თქვა, ამ პოლიტიკურმა თაღლითმა, რეიტინგებს ოსტატურად იყენებენო, ეს რა არის? როცა რეიტინგები ევროპული სტრუქტირების მიერაა მოცემული საქართველოსთვის, ვინ იყენებს მათ, თუ შენ არ გინდა ეს რეიტინგები აღიარო?
"ევროსტრუქტურებში დეგრადაციის პროცესი აქამდე მოვიდა, აქ თვისობრივად ახალს ვერაფერს ვხედავ. ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა შეაჩერონ უფრო გარკვეულ პირებზე, მაგრამ საქართველოში არავის არ აქვს ის ინფორმაცია იქ როგორ დალაგდება.
ესეც ნაკლებადმოსალოდნელია, მაგრამ იმისთანა პროცესები მიდის, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
"იმდენი უსამართლობა მოდის ევროკავშირისგან განსაკუთრებით ჩვენი პრემიერის გამოსვლის შემდეგ, მან ბერკეტები აღარ დაუტოვა, როცა თქვა, რომ ჩვენ ბრიუსელს არ ვთხოვთ ჩვენთან მოლაპარაკება დაიწყოს გაწევრიანებაზე და სახელმწიფო გრანტებზე უარს ვამბობთო - ამით ჩვენ შანტაჟის ბერკეტები გამოვაცალეთ",- განაცხადა მამრაძემ.