
ევროკომისია მოგვიწოდებს, გავაუქმოთ ის კანონები, რაც მოზარდებს იცავს. ეს არ მოხდება. მოგვიწოდებენ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ახლა ევროპაში თავად იღებენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში დაცული იქნება ეროვნული ინტერესები და ტრადიციები.
„ევროკავშირში რომ პრობლემები არსებობს, ეს ევროპულმა სახელმწიფოებმაც აღიარეს, მათ შორის იყო უნგრეთი, სლოვაკეთი. პირდაპირ წერენ, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდა უნდა არსებობდეს და ამ მიმართულებით არასრულწლოვანების დაცვა არ უნდა იყოს? ევროკომისია მოგვიწოდებს, გავაუქმოთ ის კანონები, რაც მოზარდებს იცავს და ეს არ მოხდება. ამავე დროს, მოგვიწოდებენ, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის ის კანონი, რომელსაც ახლა ევროპაში თავად იღებენ. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ახალი არ არის, მაგრამ საქართველოში ისევ დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ტრადიციებს.
სამწუხაროდ, ჩიხური მდგომარეობა თავად ჰერჩინსკის აქვს, რადგან ვერ გამოვიდა იმ ნარატივიდან, საქართველოში უნდა იყოს ლგბტ პროპაგანდა, ომი და თურმე, ამის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში შეიყვანენ. ამის მაგალითები მოჰყავთ. როგორც უკრაინა არის დაწინაურებული, ისე უნდა იყოს საქართველოო. ჰერჩინსკის ქვეყანას, პოლონეთს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინას თავს დაატყდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლონელი ჩვენ ომს გვისურვებს. „დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის მიზნები ძალიან გაცვდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
4 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ „საქართველოში უკუსვლის საერთო დონე უპრეცედენტოა. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“.