რეზონანსი
05.11.2025

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. მისივე თქმით, დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც. იმნაძის განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.

პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×