
ჩეხურმა კომპანიამ ENERGO-PRO a.s. დაასრულა ბრაზილიაში მდებარე 350 მეგავატი სიმძლავრის „Baixo Iguaçu“ ჰიდროელექტროსადგურის 100%-იანი წილის შეძენა.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარანას შტატში, მდინარე იგუასუზე 2019 წელს აშენებული ელექტროსადგურის შესყიდვის ფასი 260 მილიონ ევროს აღემატება.
„აღნიშნული გარიგება წარმოადგენს უდიდეს ჩეხურ ინვესტიციას სამხრეთ ამერიკის ისტორიაში. ჰესის დადგმული სიმძლავრის გათვალისწინებით, ,,ბაიშო იგუასუ” ამჟამად ENERGO-PRO ჯგუფის უდიდეს ელექტროსადგურად ითვლება. აღნიშნული გარიგება ლათინურ ამერიკაში, კომპანიის სტრატეგიული გაფართოების კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს. ,,ბაიშო იგუასუს” ჰესის შეძენას წინ უსწრებდა შვიდი მცირე ზომის ელექტროსადგურის შეძენა, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 90 მეგავატს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, ის ასევე აშენებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს ,,Chorreritas“ კოლუმბიაში, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წელს იგეგმება.
„ჩვენი პორტფელის ზრდა ლათინურ ამერიკაში სტრატეგიული ნაბიჯია ჩვენი ჯგუფის გეოგრაფიული დივერსიფიკაციისთვის. ეს აძლიერებს ჩვენს მდგრადობას ჰიდროლოგიური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რყევების მიმართ“, - განაცხადა ENERGO-PRO Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იაკუბ ფაიფერმა.
,,ბაიშო იგუასუს“ ჰიდროელექტროსადგურის შეძენით, ENERGO-PRO ჯგუფის საერთო დადგმული სიმძლავრე 1,850 მეგავატამდე გაიზარდა. კომპანია ამჟამად მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში - ბულგარეთში, საქართველოში, თურქეთში, ესპანეთსა და ბრაზილიაში - 54 ჰიდროელექტროსადგურს ფლობს და მართავს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრაზილიური კომპანია COPEL-ისგან ბაიშო იგუასუს ჰესის შეძენა დაფინანსდა კომპანიაში არსებული და გარე დაფინანსების კომბინაციით. 2025 წლის პირველ ნახევარში ENERGO-PRO-მ წარმატებით გამოუშვა 750 მილიონი ევროს ღირებულების მწვანე ევრობონდები. ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნა ,,ბაიშო იგუასუს“ შეძენის დასაფინანსებლად და ჯგუფის კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის.
„ჩვენი პირველი მწვანე ევრობონდის წარმატებით გამოშვებამ მოგვცა სტაბილური საფუძველი სუფთა ენერგიის სფეროში შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის“ - განმარტა იაკუბ ფაიფერმა.
ბაიშო იგუასუს ჰიდროელექტროსადგურის ძირითადი ინფორმაცია:
ექსპლუატაციაში გაშვება: 2019 წელი
დადგმული სიმძლავრე: 350 მეგავატი
წლიური გამომუშავება: 1,584 გვტ.სთ
ტურბინის ტიპი: 3 x კაპლანი
წყალსაცავის ზომა: 32 კმ2
გადამცემი ხაზის სიგრძე: 60 კმ
კონცესიის მოქმედების ვადა: 2049 წლამდე
მშენებლობის ინვესტიცია (2014-2019): დაახლოებით 500 მილიონი ევრო.
ელექტროსადგური არეგულირებს იგუასუს ჩანჩქერის ნაკადს და უზრუნველყოფს მინიმალურ ნაკადს გვალვის პერიოდებშიც კი. ის ბრაზილიაში დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს ამარაგებს სუფთა, ხელმისაწვდომი და განახლებადი ენერგიით, რაც პარანას შტატის წლიური მოხმარების 8%-ს შეესაბამება.