
2026 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პირთა პენსია - 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია - 45 ლარით გაიზრდება. 70 წლამდე პირთა პენსია 370 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია - 495 ლარს მიაღწევს. პენსია მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე - 444 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 594 ლარს გაუტოლდება. სპეციალისტები აზრით, კარგი იქნება, თუ ნომინალური პენსია 20 ლარის ნაცვლად, 35 ლარით გაიზრდება, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამას ციფრებით მანიპულირებას უწოდებენ.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო წლის იანვრიდან, პენსიის გარდა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა - 20 ლარით. ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება 7 მილიარდ ლარს შეადგენს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2.1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით. დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 240 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ამჟამად, 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარია, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივი ჯგუფის პენსიონერების პენსია - 420 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარია, მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია - 540 ლარი.
„რეზონანსთან“ საუბრისას, ეკონომისტმა და სტატისტიკოსმა გივი მომცელიძე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, პენსიის მატება სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად არის განსაზღვრული. „რეზონანსის“ კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს პენსიის ზრდა მცირეოდენ ინფლაციას, ეკონომისტმა გვიპასუხა:
„მაგალითად, 20 ლარით პენსიის მატება დაახლოებით, 6%-იანი ზრდა გამოდის. იმის გათვალისწინებით, რომ წელს, წლიური ინფლაცია უკვე 5%-ს გადასცდა, მოდით, ასე ვთქვათ - გარკვეულწილად, ეს ნამატი ინფლაციას უკვე „შეჭმული“ აქვს. ამიტომ, ცოტა კრიტიკულად რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა ეფექტი ექნება კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომელთა პენსიაც მხოლოდ 20 ლარით იზრდება, ვერ ვხვდები.
ზოგადად, ინფლაციას მხოლოდ პენსიის ზრდა არ იწვევს, რა თქმა უნდა, მცირეოდენი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ეს ფაქტორი არ არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ისედაც მინიმალურად გაზრდილ პენსიას ინფლაციას ნუ დავაბრალებთ. არ მგონია, რომ 20 და 45-ლარიანი ზრდა ინფლაციის მაპროვოცირებელი იყოს.
ახლა ასე დავსვათ კითხვა - რა ქნან იმ პენსიონერებმა, რომლებსაც სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები ეზრდებათ? სამწუხაროდ, 20 ლარის მომატება ძალიან ცოტაა, რა თქმა უნდა, ის არ არის, რასაც საჭიროება მოითხოვს. საშუალო დონის ევროპულ ქვეყნებს რომ შევხედოთ, ჩვენთან შედარებით, იქ სამჯერ მაღალი პენსიაა, ხომ გვინდა, რომ დავეწიოთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ გივი მომცელიძემ.
20 და 45 ლარით 2025 წლის შემოდგომაზეც დაიგეგმა პენსიის ზრდა, თუმცა მალევე პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს გადაწყდა, რომ 70 წლამდე პირებს პენსია 20 ლარის ნაცვლად, 35 ლარით გაეზრდებოდათ და ბიუჯეტის პროექტიც ამ ცვლილებით დაკორექტირდა. „რეზონანსი“ დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება მსგავსი რამ წელსაც, ანუ 2026 წლიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს 20 ლარის ნაცვლად, 35 ლარით ხომ არ გაეზრდებათ პენსია?
„რეზონანსმა“ ამ კითხვით საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, „ქართული ოცნების“ წევრს ირმა ზავრადაშვილს მიმართა, რომელიც რამდენიმე კომიტეტის, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრია. მისი თქმით, ყველა თავმოყვარე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ პენსიონერებზე იზრუნოს და ხელისუფლებაც, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს ასაკოვან ადამიანებს.
„პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თანხა, რასაც დღეს პენსიონერები იღებენ, ის თანხაა, რომელიც მათ ღირსეულ სიბერეს შეესაბამება. რა თქმა უნდა, ამ აზრისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პენსიაზე საუბარი საჯილდაო ქვასავით გახადეს. გარდა იმისა, რომ პენსია გარკვეული დოზით - 20 ან 45 ლარით იზრდება, დამატებით უამრავი სოციალური პროგრამა და პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ასაკოვან მოქალაქეებზე. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, პირველადი ანალიზები, ექიმის კონსულტაციები - კონკრეტულ პროგრამებს იმიტომ არ გისახელებთ, რომ პენსიონერებიც რამდენიმე ჯგუფად იყოფიან: არიან სოციალური სტატუსის მქონე, მარჩენალდაკარგული პენსიონერები. პირობითად, ჩვეულებრივი პენსიონერი, დამატებითი სტატუსის მიუხედავად, ძალიან ბევრი სოციალური პროექტებით და პროგრამებით სარგებლობს და თუ ის კიდევ რომელიმე სტატუსის მატარებელია, დამატებით, სხვა პროგრამებიც აქვს.
ახლა მე გეკითხებით, ვინმე დაჯდა და დაითვალა, ეს სოციალური პროექტები რომ არ იყოს, რა რაოდენობის თანხა დაემატებოდა მათ პენსიაზე? ამაზე არავინ საუბრობს, ამიტომ ვისაც ამ საკითხის პოლიტიზება სურს, ან დაჯდეს და რეალურად დაითვალოს ან გაიგოს, რომ ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეუძლია, პოლიტიკური ქულების ან დივიდენდების მიღება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ირმა ზავრადაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია გავითვალისწინოთ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ბიუჯეტი, შიდა და გარე რყევა და "დაუმთავრებელი ღალატი".
„ამ ფონზე, როდესაც პენსიონერის ანაზღაურებაზე ვსაუბრობთ, სოციალური პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები, ტრანსპორტის პროგრამები - ადგილობრივი თვითმმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სოციალური პროგრამები ერთიანობაში, რამდენჯერმე აღემატება დღევანდელი პენსიის ოდენობას. ასე რომ, ამ საკითხის უკონტექსტოდ განხილვა, ვთვლი, რომ პოლიტიკური ქულების დაწერის მეთოდია და მეტი არაფერი“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ირმა ზავრადაშვილმა.